20 ნოემბერი 2024,   07:33
ვრცლად
წამებში ჩამოშლილი შენობა და ნანგრევებში ჩარჩენილი ადამიანების ხმები - რა არის ცნობილი ბათუმში ჩამონგრეულ კორპუსზე 

ბათუმში 26 მაისის ქუჩა წამში გაეხვა მტვერში, მას შემდეგ, რაც, მოულოდნელად, შვიდსართულიანი კორპუსის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოიშალა. ნგრევის ხმა ადგილობრივებმა, დაახლოებით, 11:45 საათზე გაიგეს.

შვიდ სართულიანი შენობის ნაწილის ჩამოშლას ქაოსი მოჰყვა. ისმოდა ნანგრევებში ჩარჩენილების ხმები, რომლებიც დახმარებას ითხოვდნენ. მაშველებთან კონტაქტზე მთელი დღის განმავლობაში მხოლოდ 2 პირი იყო გასული.

გადარჩენილებმა დაკარგული ნათესავების, მეგობრებისა და ახლობლების ძებნა დაიწყეს. ეძებდნენ სოციალური ქსელებითაც.

ერთობლივი ძალისხმევით, მაშველებმა და ადგილობრივებმა გამოიყვანეს ნანგრევებში მოყოლილი ბავშვი. წლისა და სამი თვის ბიჭი კორპუსთან მდგარ ავტომობილში იჯდა.

26 მაისის ქუჩაზე გათიშეს ელექტროენერგია, შეწყვიტეს წყლისა და ბუნებრივი აირის მიწოდება. 

მალევე, ნანგრვებიდან კიდევ ერთი ბავშვი ამოიყვანეს. ამჯერად მაშველებმა ახალშობილი გადაარჩინეს. მას კლინიკური დახმარება არ დასჭირდა. სულ ცოტა ხნის წინ მაშველებმა 35 წლის ქალის ამოყვანაც შეძლეს. 

ნგრევის მიზეზებზე საუბარი ტრაგედიიდან მალევე დაიწყეს. გავრცელდა რამდენიმე ვერსია. ერთის მიხედვით, ნგრევა უნებართვო დაშენებებმა, ან კორპუსის პირველ სართულზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოებმა გამოიწვია. არსებობს ვერსია იმის შესახებაც, რომ შენობის ჩამოშლას წინ აფეთქება უძღოდა.

ამ დროისთვის, სახლის ნგრევის ძირითადი ვერსია კორპუსის პირველ სართულზე სარემონტო სამუშაოები და საყრდენი კედლის გამოცლაა.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ათეული წლების წინ აშენებულ 5-სართულიან კორპუსს ორი სართული რამდენიმე წლის წინ დააშენეს.

დღის ამბები