26 აპრილი 2024,   15:04
ვრცლად
11 ოქტომბერი საქართველოში გლოვის დღე გამოცხადდა

11 ოქტომბერი გლოვის დღე გამოცხადდა - გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიიღო.

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო და ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. მათთან ერთად, ამ საზარელ ტრაგედიას სრულიად საქართველო გლოვობს.
ჩემი გადაწყვეტილებით, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ორშაბათი, 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდება.

სახელმწიფო მომხდარის შედეგად დაზარალებულებს ყველა შესაბამის დახმარებას გაუწევს.
კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება ყველა პირი, ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დააკავა სამი პირი და გამოძიება გრძელდება," - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

მთელი საქართველოს ყურადღება უკვე 24 საათია ბათუმში, 26 მაისის ქუჩისკენ არის მიმართული. მაშველები უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას. სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ნანგრევებიდან 5 ცხედარი გამოიყვანეს - მათ შორის 2 მცირეწლოვანია. მაშველებმა 2 დაშავებულის გამოყვანაც შეძლეს, რომელთაგან ერთ-ერთი 36 წლის ინგა მეკეიძე კლინიკაში დღეს, დაახლოებით 2 საათის წინ გარდაიცვალა.

რაც შეეხება მეორე გადარჩენილ მამაკაცს - ის კვლავ კრიტიკულ მდგომარეობაშია და რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. მაშველები 7 სართულიანი შენობის ნანგრევებში კიდევ 3 ადამიანს ეძებენ.

დღის ამბები