12 ნოემბერი 2026,   15:06
ვრცლად
დაცვის მხარემ დაარღვია საკანონმდებლო მოთხოვნა, ვერ დაასაბუთა შუამდგომლობა და არ დაკმაყოფილდა აცილების შუამდგომლობა - ფეიქრიშვილების საქმის პროკურორი

სასამართლომ ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ფაქტზე დაკავებულები დავით ფეიქრიშვილი და ალექსანდრე ჩაფოძე პატიმრობაში დატოვა. პროცესზე ფეიქრიშვილმა განცხადება გააკეთა. მისი თქმით, მის მიმართ ადგილი ჰქონდა ძალადობის ფაქტებს, მოტივაცია კი მისი ტელეფონი იყო.

ბრალდებულის შეფასებით, პროკურორის პასუხისმგებლობაა, რომ ტელეფონი დალუქული ყოფილიყო, ამიტომ, დაცვის მხარემ პროკურორის აცილების შუამდგომლობა დააყენა, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა. ბრალდების მხარის განცხადებით, დაცვის მხარის შუამდგომლობის ობიექტური მიზეზი არ ჰქონდა.

როგორც პროკურორი დავით დევიძე აღნიშნავს, დაცვის მხარემ დაარღვია საკანონმდებლო მოთხოვნა და ასევე, ვერ დაასაბუთა შუამდგომლობა.

"დავით ფეიქრიშვილის პირადი ნივთები, მათ შორის, ტელეფონები ამოღებული იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ, სწორედ მათ დალუქეს ეს ნივთები და აქვე, ამასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ საპროცესო ზედამხედველი პროკურორი უშუალოდ ნივთებს არ ნახულობს.

ჩემი აცილება მოითხოვეს, რადგან მე ვარ უშუალოდ აღნიშნული საქმის საპროცესო ზედამხედველი პროკურორი, თუმცა სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის მოთხოვნა, რადგან, პირველი - დარღვეული იყო შუამდგომლობის დაყენების კანონიერი წესი, მეორე - დაცვის მხარემ ვერ დაასაბუთა პროკურორის ობიექტურობის საკითხი, ანუ ობიექტურობასთან დაკავშირებული კითხვის ნიშნები.

ყოველივეს გათვალისწინებით, ვინაიდან დაცვის მხარემ დაარღვია საკანონმდებლო მოთხოვნა და ასევე ვერ დაასაბუთა შუამდგომლობა, ბრალდების მხარის პოზიცია გაითვალისწინა სასამართლომ და არ დაკმაყოფილდა აცილების შუამდგომლობა", - აცხადებს დავით დევიძე.

დღის ამბები