ბათუმში, 26 მაისის 13 ნომერში, სადაც საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა, მაშველები ადამიანების გადარჩენას და ცოცხლად გამოყვანას მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში ცდილობდნენ.
შემთხვევის ადგილზე გვიან ღამით ასობით ადამიანი მივიდა. მათ შორის იყო მამაკაცი, რომელსაც იმედი ჰქონდა, რომ ცოლს, ინგა მეკეიძეს და შვილებს ცოცხალს გამოიყვანდნენ.
ერთ-ერთი პირველი იპოვეს ინგა მეკეიძე, რომელიც ცოცხალი იყო, თუმცა გული 5-ჯერ გაუჩერდა, დილით კი გარდაიცვალა. დაიღუპა მისი ორი შვილიც - მცირეწლოვანი ბავშვი, რომელიც მაშველებმა სათამაშოთი ხელში იპოვეს. ნანგრევებში მიაგნეს მის 9 წლის დასაც.
შუახნის მამაკაცი, რომელიც მაშველებმა ნანგრევებიდან ღამით ამოიყვანეს, გარდაცვლილი ბავშვების ბიძა იყო. ისინი შენობის მეოთხე სართულზე ცხოვრობდნენ. ბიძას ბავშვი ჩახუტებული ჰყავდა.
წუხანდელი ღამე ერთი ოჯახის ტრაგედიით არ დასრულებულა. პირველი ცხედარი მაშველებმა, ჩამონგრეული საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან დაახლოებით ღამის პირველ საათზე გამოიყვანეს. გარდაცვლილი, რომელსაც მაშველებმა მიაგნეს, ასაკოვანი ქალი იყო. მოგვიანებით, ჩამონგრეული კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა კიდევ ერთი მამკაცის ცხედარი ამოიყვანეს.
ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა აქვს კიდევ ერთ დაშავებულს, რომელიც სიკვდილს სასწაულით გადაურჩა და რომელიც ნანგრევებიდან გვიან ღამით გამოიყვანეს. თავდაპირველად 37 წლის მამაკაცი კონტაქტური იყო, თუმცა მოგვიანებით მისი მდგომარეობა დამძიმდა. ის ამ დრომდე რეამინაციულ განყოფილებაში რჩება. პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
26 მაისის 13 ნომერში, სადაც საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა, გვიან ღამით ასობით ადამიანი მივიდა. ნანგრევების ქვეშ მოყოლილი ადამიანების ნათესავების და ახლობლების გარდა, მთელი ღამე შემთხვევის ადგილზე იყვნენ მეზობელი ქუჩების მცხოვრებლები. ისინი სანთლებით ხელში იდგნენ და ადამიანების გადასარჩენად ლოცულობდნენ.
სამაშველო ოპერაციას მთელი ღამის განმავლობაში პირადად ხელმძღვანელობდა შინაგან საქმეთა მინისტრი. ვახტანგ გომელაურმა გამთენიისას მედიას დაშავებულებისა და გარდაცვლილების შესახებ განახლებული ინფორმაცია მიაწოდა. სწორედ ამის შემდეგ დაზუსტდა, რომ მაშველები კიდევ 3 დაკარგულს ეძებენ. ადგილზე იმყოფებოდა აჭარის მთავრობის მეთაურიც. თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, დაზარალებულებს ბინის ფართებით დააკმაყოფილებენ.
ტრაგედიის ადგილზე მაშველები ამ წუთებშიც მუშაობენ და ნანგრევებში მოყოლილი კიდევ სამი ადამიანის გამოყვანას ცდილობენ, მათ შორის ერთი, სავარაუდოდ 12 წლის მოზარდია.