9 ცხედარი და სამი გადარჩენილი სიცოცხლე - ასეთია სახლის ნგრევის დღისა და ღამის ისტორია. ბათუმი, 26 მაისის 13 ნომერი - ამ მისამართზე კორპუსის ერთი სადარბაზო აღარ არსებობს, ტერიტორია ნანგრევებისგან ნელ-ნელა იწმინდება.
მაშველებმა რამდენიმესაათიანი სამძებრო ოპერაცია 5 საათზე დაასრულეს, მას შემდეგ, რაც შენობის სარდაფის ნანგრევებიდან ბოლო დაკარგული ამოიყვანეს. მოლოდინი არ გამართლდა და ბრძოლა გადარჩენისთვის მამაკაცისთვის ბეტონის კედლებში დასრულდა.
12 წლის მოზარდი ნგრევის დროს სახლში იყო და ონლაინგაკვეთილი ჰქონდა. ტრაგედიის ადგილზე ახლობლები ამ გოგონას და მისი დედის გადარჩენას მთელი დღე ელოდნენ. ნანგრევებში მოყოლილები მაშველებმა შუადღისას ამოიყვანეს.
მცირეწლოვან ბავშვს ხელში სათამაშოთი მაშველებმა გამთენიისას მიაგნეს. ნანგრევებში მოყოლილი იყო მისი 9 წლის დაც. შუახნის მამაკაცი, რომელიც მაშველებმა ღამით ამოიყვანეს, გარდაცვლილი ბავშვების ბიძა იყო. ბიძას ბავშვი ჰყავდა ჩახუტებული. ისინი შენობის მეოთხე სართულზე ცხოვრობდნენ.
მაშინ როცა შვილებს ეძებდნენ, დედა ამ დროს გადარჩენისთვის საავადმყოფოში იბრძოდა. ბეტონის ნანგრვებიდან ინგა მეკეიძე პირველი ამოიყვანეს. მისი მდგომარეობა უმძიმესი იყო. გული ხუთჯერ გაუჩერდა, დილით კი გარდაიცვალა.
მოგვიანებით, ჩამონგრეული კორპუსიდან მაშველებმა კიდევ ერთი მამაკაცის ცხედარი ამოიყვანეს.
"ვსუნთქავ" ასეთი იყო ბეტონის ფილებს შორის მოყოლილის გზავნილი მაშველებთან. 37 წლის მამაკაცი დაახმარებას 11 საათის განმავლობაში ელოდა. თავდაპირველად კონტაქტური იყო , თუმცა მოგვიანებით მისი მდგომარეობა დამძიმდა. ის ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე რჩება.
სამაშველო ოპერაციას პირადად ხელმძღვანელობდა შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც ბათუმში მომხდარიდან მალევე ჩავიდა. ვახტანგ გომელაურმა სამძებრო სამუშაოების დასრულების შემდეგ გარდაცვლილების ოჯახებს მიუსამძიმრა.
ნგრევის ხმა ადგილობრივებმა, დაახლოებით, 11:45 საათზე გაიგეს. 26 მაისის ქუჩა მტვერში წამებში გაეხვა. შვიდსართულიანი შენობის ნაწილის ჩამოშლას ქაოსი მოჰყვა. ისმოდა ნანგრევებში ჩარჩენილების ხმები, რომლებიც დახმარებას ითხოვდნენ. ეძებდნენ დაკარგულებს. აივნებიდან სახანძრო კიბის დახმარებით გამოჰყავდათ ადამიანები.
გადაარჩინეს პირველი სიცოცხლე. წლისა და სამი თვის ბიჭი კორპუსთან მდგარ ავტომობილში იჯდა. სოციალურ ქსელში გავრცელდა ემოციური ფოტო, რომელიც გადარჩენილი ბავშვის ისტორიას ასახავს.