9 გარდაცვლილი, რომელთაგანაც 3 ბავშვია - ბათუმში უმძიმესი ტრაგედიის მასშტაბები უკვე საბოლოოდ შეჯამდა. სამძებრო სამუშაოები შეწყვეტილია. ასევე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ორშაბათი, 11 ოქტომბერი ქვეყანაში გლოვის დღე იქნება.
გადარჩენილ ბინებში სპეციალისტები შევიდნენ და ყველა მათგანს ამოწმებენ.
26 მაისის ქუჩის 13 ნომერი, ეს არის მისამართი სახლის გარეშე, სადაც ჯერ კიდევ გუშინ ადამიანები ცხოვრობდნენ, ახლა მხოლოდ ნანგრევებია დარჩენილი. გუშინ იქ, ადამიანები ანთებული სანთლებით იდგნენ იმ იმედით, რომ უფრო მეტი სიცოცხლის გადარჩენა მოხერხდებოდა.
ახლა ადგილზე გლოვის ნიშნად ყვავილებს ტოვებენ.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 7-სართულიანი შენობა ჩამოინგრა. კორპუსი 3 სადარბაზოსგან შედგებოდა, ჩამონგრეულია 1 სადარბაზო. აღნიშნულ კორპუსში 12 ოჯახი ცხოვრობდა. ნგრევა გუშინ, დღის, დაახლოებით, 12 საათზე მოხდა.
ტრაგედიას, ამ დროის მონაცემებით, 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.