ბრალდების მხარე ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე დაკავებული სამივე პირის მიმართ პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს - პროკურორის თქმით, 8 ოქტომბერს მუშებმა შესაძლო საფრთხის შესახებ უკვე იცოდნენ, თუმცა მათ შენობა ისე დატოვეს და კორპუსის მოსახლეობა არ გაუფრთხილებიათ.
როგორც ალექსანდრე ძირკვაძე ამბობს, საყრდენი კედლების დემონტაჟის სამუშაოები დადასტურებულია მოწმეთა ჩვენებით და ბრალდებულთა გამოკითხვის ოქმებით.
"გასათვალისწინებელია ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ 8 ოქტომბერს, როცა დილის საათებში ბრალდებულები აღნიშნულ ფართში სამუშაოს გასაგრძელებლად მივიდნენ, შენიშნეს, რომ კედლებს მოძრაობა ჰქონდა დაწყებული. სცადეს აღნიშნული კედლების გამაგრება რკინის კონსტრუქციებით, თუმცა, შემდეგ დატოვეს შემთხვევის ადგილი. აქედან გამომდინარე, ის ფაქტი, რომ მოცემულ სახლებში განხორციელდა ე.წ. საყრდენი კედლების დემონტაჟის სამუშაოები, დადასტურებულია მოწმეთა ჩვენებით და ბრალდებულთა გამოკითხვის ოქმებით," - განაცხადა პროკურორმა.