ექსპერტიზის დასკვნამდე არსებული პასუხგაუცემელი კითხვები ბათუმში მომხდარ ტრაგედიაზე - რატომ არ გააფრთხილეს მუშებმა მეზობლები, როდესაც კორპუსის დეფორმაციის გამო ბინის კარი ჩაიკეტა; რა დევს 8 ოქტომბრის ტრაგედიის საქმის მასალებში.
დაკავებულები ციხეში გადაიყვანეს. მანამდე კი იყო სასამართლო და დაუკმაყოფილებელი მოთხოვნა არასაპატიმრო ღონისძიების შესახებ. ბრალდებული მუშები და ბინის მესაკუთრე მზიდი კედლების დანგრევას არ აღიარებენ.
გაიზრდება თუ არა უბედურ შემთხვევაში მონაწილე ბრალდებულთა რაოდენობა - შინაგან საქმეთა მინისტრი ამას არ გამორიცხავს.
პრემიერ-მინისტრის თქმით კი, რეგულაციები გამკაცრდება, ხოლო ნებართვის გაცემის პროცედურები გაკონტროლდება.
ნორმების უხეში დარღვევა, რამაც ადამიანების გარდაცვალება და ქონების განადგურება გამოიწვია - ბრალის ფორმულირება ასეთია, გათვალისწინებული სასჯელი 12 წლამდე პატიმრობა. ვიდრე საქმის ახალი გარემოებები ან დამატებით სხვა პირების ბრალეულობა გამოიკვეთება, 3 დაკავებულის საქმე არსებით განხილვაზე ინაცვლებს. პირველი სხდომა პირველ დეკემბერს არის ჩანიშნული.