კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულები ტაძრიდან უკვე გამოასვენეს. ბათუმის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში ორი დღის განმავლობაში სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა.
გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს მეხანძრე-მაშველებმა, რომლებიც თითქმის 30 საათის განმავლობაში სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობდნენ. სამოქალაქო პანაშვიდზე გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლებმაც.
გარდაცვლილთა ახლობლებს მიუსამძიმრეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და მთავრობის წარმომადგენლებმა.
"დათო იყო საოცარი ბავშვი, განსაკუთრებული ბავშვი. ეს სიტყვებით არ გამოითქმება. ბავშვს შენიშვნა არ სჭირდებოდა, ერთ შენიშვნას ვერ ვიხსენებ რომ მისთვის მიმეცა. სწავლობდა საუკეთესოდ, აკადემიური მოსწრება მაღალი, ზრდილობის ეტალონი, შემოქმედი, დაინტერესებული ყველაფრით, საოცრება იყო," - ასე მოიხსენიებს ერთ-ერთ დაღუპულ არასრულწლოვანს მის მასწავლებელი.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩის 13 ნომერთან კი უკვე მეოთხე დღეა "გლოვის კედელია" აღმართული, სადაც მოქალაქეებს ყვავილები და სათამაშოები მიაქვთ, ანთებენ სანთლებს და ამით გარდაცვლილთა ხსოვნას პატივს მიაგებენ.
8 ოქტომბერს, სადარბაზოს ნგრევის შედეგად 9 ადამიანი გარდაიცვალა, 2 კი დაშავდა.