დუშეთში, ახალგაზრდა მამაკაცის დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც მოქალაქეებს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაში არალეგალურად უშვებდა, შსს განცხადებას ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, პოლიციამ ახალგაზრდა მამაკაცი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა და ბინის ჩხრეკისას პლასტიკური ბარათები, ასევე პასპორტები და სავარაუდოდ ნარკოტიკული ნივთიერება მარიხუანა ამოიღო. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს და გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უცხო ქვეყანაში საქართველოს მოქალაქის უკანონოდ დარჩენისთვის შესაბამისი პირობების შექმნის ბრალდებით, 1987 წელს დაბადებული დ.ს. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს უკავშირდებოდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში და კანადაში არალეგალურად გამგზავრებისა და უკანონოდ დარჩენის მსურველი საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც დ.ს., გარკვეული თანხის სანაცვლოდ, საჭირო დოკუმენტებს გადასცემდა, აშშ-სა და კანადაში გამგზავრებისა და უკანონოდ დარჩენისთვის შესაბამის პირობებს უქმნიდა.
სამართალდამცველებმა, საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დ. ს.-ის დანაშაულებრივი ქმედების ფარული ვიდეო-აუდიო გადაღება და სატელეფონო მიყურადება განახორციელეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული საქართველოს ერთ-ერთ მოქალაქეს 16000 აშშ დოლარის სანაცვლოდ აშშ-ში არალეგალურად გამგზავრებაში დახმარებას დაჰპირდა და წინასწარ გამოართვა 4000 ლარი.
პოლიციამ, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, საქართველოს მოქალაქის 76 პასპორტი, 3 საბანკო პლასტიკური ბარათი, 2 მეხსიერების ბარათი, კომპიუტერული ტექნიკა, 2 მობილური ტელეფონი, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“, დოკუმენტების დასამზადებელი დანადგარი და დოკუმენტები ნივთმტკიცებად ამოიღო.
საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში წინასწარი შეცნობით უკანონოდ დარჩენისთვის შესაბამისი პირობების შექმნის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 344 პრიმა-2 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს," - ნათქვამია განცხადებაში.