20 ნოემბერი 2024,   07:29
ვრცლად
ქვეყნის რომელი სამი რეგიონია რისკზონა კორონავირუსის ხელახალი გავრცელების კუთხით - საქართველო ახალი ეპიდაფეთქების წინაშეა

სპეციალისტები ეპიდემიოლოგიურ აფეთქებას აანონსებენ. დევი ტაბიძეს ზაფხულის ის პერიოდი ახსენდება, როდესაც ერთ დღეში კოვიდ დადასტურებული შემთხვევების რიცხვი რეკორდულად გაიზარდა. იდენტურია დღევანდელი სტატისტიკაც. გუშინდელ მონაცემებთან შედარებით ინფიცირებულთა რაოდენობა 3000-ით მეტია. მედიკოსი საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, საზოგადოებას ვაქცინაციის აუცილებლობას ახსენებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამბობს, რომ შედეგები ქვეყნისთვის მტკივნეული იქნება.

ეპიდემიოლოგიური აფეთქება შესაძლოა რეგიონებიდან დაიწყოს. დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ამირან გამყრელიძემ 3 რისკზონა დაასახელა. ვირუსის ყველაზე მეტი გავრცელების საფრთხე სამეგრელოში, იმერეთსა და კახეთშია, რეგიონებში, სადაც ყველაზე დაბალია ვაქცინაციის მაჩვენებლები.

ქვეყნის მთავარმა ეპიდემიოლოგმა ვირუსის რეკორდული ზრდის მიზეზად არც ახალი შტამების ცირკულირება გამორიცხა. თქვა, რომ ლუგარის ლაბორატორია ვირუსის სავარაუდო სხვადასხვა ვარიანტებს იკვლევს.

დაბალი იმუნიზაციის ფონზე ინფიცირებულთა მაჩვენებლების მატებას ელოდებიან კოვიდ კლინიკებიც. ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის ინფორმაციით, უკვე გაზრდილია საავადმყოფოში მძიმე პაციენტების რიცხვი. თუ ინფიცირებულთა მატება ამ ტემპით გაგრძელდება, მარინა ენდელაძე ამბობს, რომ კოვიდ ცენტრებს პაციენტების მართვა გაუჭირდება.

ახლა მნიშვნელოვანი საკითხია 65 წელს ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციის ტემპის გააქტიურება, რადგან ამ ასაკობრივ ჯგუფში ხშირია თანმდევი ქრონიკული დაავადებები. უკვე არსებული მონაცემებით, ორჯერ ვაქცინირებულებში 9-ჯერ ნაკლებია ინფიცირების მაჩვენებლები, ვიდრე არავაქცინირებულებში და 95%-ით შემცირებულია ჰოსპიტალიზაციის რიცხვი.

საკოორდინაციო საბჭო ვაქცინაციის გააქტიურების მიზნით, სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის წამახალისებელი ღონისძიებებს განიხილავს. 

დღის ამბები