20 ნოემბერი 2024,   07:52
ვრცლად
უნდა დავიწყოთ ფიქრი საყოველთაო შერიგებაზე და მიტევებაზე - რა სთხოვა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილს 

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა განაცხადა, რომ მისი გზავნილი იყო სიძულვილის ენის დასრულება. მან საზოგადოების საყოველთაო შერიგებაზე ისაუბრა. 

"მე ვერ გეტყვით როგორ გრძნობს თავს, მე რაც ვნახე, ჩვეულებრივად გამოიყურება. გარდა იმისა, რომ ჩვეულებრივი, ადამიანური საუბარი გვქონდა, მე მქონდა მის მიმართ ასეთი გზავნილი - ეს თქვენც გეხებათ, ვფიქრობ, რომ მთელი ქვეყანა ვდგავართ დიდი გამოწვევის წინაშე და აქედან გამოსავალი არის შევწყვიტოთ სიძულვილის რიტორიკა, ერთმანეთზე ცუდი საუბარი და ვთხოვე ბატონ მიხეილს, რომ მოეწოდებინა თავისი მომხრეებისთვის, რომელ ტელევიზიებსაც შეიძლება მოუწოდოს, რომ ყველამ ერთად ვიფიქროთ შერიგებაზე, მიტევებაზე, ქრისტიანულ მიტევებაზე.

ჩვენ ძალიან ბევრი რამ გვაქვს მისატევებელი ერთმანეთისთვის. ვფიქრობ, ეს იწყება ჯერ კიდევ ჩვენი წარსულიდან - კომუნისტების პერიოდიდან, შემდეგ პირველი პრეზიდენტი, 90-იანი წლები... და კიდევ ბევრი სხვა რამ. დღესაც ძალიან ბევრი გვაქვს ერთმანეთისთვის მისატევებელი და ჩვენ რომ ერთმანეთს ვუანგარიშოთ ვის რა დანაშაული აქვს ჩადენილი, ქვეყანა წინ ვერ წაიწევს. ამიტომ, ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რაც მე ვუთხარი ბატონ მიხეილ სააკაშვილს, რომ მთელი ქვეყანა დიდი გამოწვევის წინაშე ვდგავართ და ჩვენ უნდა შევურიგდეთ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს. იქ კი ნამდვილად ძალიან ბევრი რამ არის, დიდი სისხლია დაღვრილი ორივე მხრიდან და იქაც ანგარიშსწორება და სამართლებრივი მიდგომა არ იქნება მიზანშეწონილი. მე ბატონ მიხეილს ვთხოვე და მოგიწოდებთ თქვენც, შევწყვიტოთ სიძულვილის რიტორიკა ერთმანეთის მიმართ.

მე დიდი იმედი მაქვს, რომ ბატონი მიხეილი გამობრძანდება ციხიდან და დაიწყება ახალი ერა, ეპოქა, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, იმითი, რომ ჩვენი მოქმედი, ყოფილი და მომავალი ხელისუფლება ერთმანეთთან გამონახავენ საერთო ენას და ჩვენც ყველამ ერთმანეთთან გამოვნახოთ საერთო ენა. 

რა თქმა უნდა, ყველა ადამიანმა თავის დანაშაულზე უნდა აგოს პასუხი, მაგრამ დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ რეალობაში, რომ ძალიან ბევრი დანაშაულია ჩადენილი ბოლო 30 წლის განმავლობაში და ისეთი დანაშაულებია ჩადენილი, რომელსაც ვადა არ აქვს, ვადა არ გაუვა არასდროს. ვფიქრობ, რომ ჩვენ ერთმანეთის ბრალდებისა და მსჯავრის წაყენების ნაცვლად ერთმანეთს ვთხოვოთ შენდობა. ჩვენ ყველამ უნდა დავიწყოთ ფიქრი საერთო, საყოველთაო შერიგებაზე,"- განაცხადა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები