ვინ არიან ხანძრის შედეგად გარდაცვლილი პატიმრები - სპეციალური პენიტენციური სამსახური რუსთავის მე-17 დაწესებულებაში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
უწყება მომხდარის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ დაწესებულების სამზარეულოს ნაწილში აალების მიზეზი ჯერჯერობით, დაუდგენელია.
"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით განმარტავს, რომ N17 პენიტენციური დაწესებულების სამზარეულოში გაჩენილ ხანძარს ორი მსჯავრდებულის, რომან ქრისტესიაშვილის და ილია ხიპაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. ორივე მათგანი დაწესებულების სამეურნეო ნაწილში იყო დასაქმებული.
ასევე კვამლის ინტოქსიკაციის შედეგად მსუბუქად დაშავდა კომპანია "ილი ჯგუფის“ (პენიტენციური სამსახურის კვებითი მომსახურების კომპანია) რამდენიმე თანამშრომელიც, რომელთა ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებათ.
დაწესებულების სამზარეულოს ნაწილში აალება ჯერჯერობით, დაუდგენელი მიზეზების გამო, დაახლოებით, 14:20 საათზე მოხდა. აღსანიშნავია, რომ სამზარეულო მსჯავრდებულების საცხოვრებელი კორპუსიდან მოშორებით მდებარეობს და არ არსებობდა საფრთხე ხანძრის გავრცელების.
ამ ეტაპზე ხანძარი ლიკვიდირებულია.
მომხდარის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა სახელმწიფო ინსპექტორს სამსახურს. ასევე ინფორმირებულია იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია.
ხანძრის გამომწვევი მიზეზების და გარემოებების დადგენა მოხდება მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში." - ნათქვამია განცხადებაში.