20 ნოემბერი 2024,   07:39
ვრცლად
ხანძრის შედეგად გარდაცვლილი 2 პატიმარი - ომბუდსმენი რუსთავის ციხეში ვითარების გასაცნობად შედის 

რუსთავის მე-17 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სადაც ხანძრის შედეგად 2 პატიმარი დაიღუპა, რამდენიმე წუთში სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია შევა. ის პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ ვითარებას პირადად შეისწავლის. 

ხანძრის შედეგად გარდაცვლილი პატიმრების ვინაობას კი პენიტენციური სამსახური ასაჯაროებს. ორივე მათგანი დაწესებულების სამეურნეო ნაწილში იყო დასაქმებული. უწყების განცხადებიდან ირკვევა, რომ ხანძრის შედეგად პენიტენციური სამსახურის კვებითი მომსახურების კომპანიის რამდენიმე თანამშრომელიც დაშავდა. 

მანამდე კი მსჯავრდებულები ადვოკატებმა მოინახულეს. ადვოკატი, ჯაბა კოჭლამაზაშვილი ამბობს, რომ პატიმრები ხანძრის ქრობის პროცესში თავად იყვნენ ჩართულები.

როგორც ცნობილია, ერთი მათგანის დასახმარებლად სამზარეულოში მე-2 პატიმარი შევიდა, თუმცა ძლიერი დაკვამლიანების გამო, მსჯავრდებულებმა ტერიტორიიდან გამოსვლა ვერ შეძლეს.

"სამეურნეო ნაწილში მომუშავე პატიმრები, სავარაუდოდ, ამ სამზარეულოში მუშაობდნენ და ეს ადამიანები იქ თავისი ნებით შევარდნენ სხვისი გადარჩენის მიზნით. ანუ, სხვების გადასარჩენად შევიდნენ და სამწუხაროდ, უკან ვეღარ გამოვიდნენ ძლიერი კვამლის გამო.

მაქვს ინფორმაცია, რომ დააგვიანა დახმარებამ, მაგრამ საპირისპირო ინფორმაციაც მაქვს, რომ დროზე მოვიდა.

სავარაუდოდ, არის ახალი გარემონტებული შენობა და როგორც ჩემთვის ცნობილია, გაყვანილობის ბრალია," - ამბობს ადვოკატი, ჯაბა კოჭლამაზაშვილი.

უფლებადამცველი, ანა კეკელიძე მისი დაცვის ქვეშ მყოფის ინფორმაციაზე დაყრდნობით ამბობს, რომ დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში თავად პატიმრები დანარჩენების სასადილო ოთახიდან გამოყვანას თავად ცდილობდნენ.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი როგორც მეუბნება, ნამდვილად, დაახლოებით ალბათ ერთი საათი თავად პატიმრები იღებდნენ მონაწილეობას იმაში, რომ მოეხდინათ სწორედ პატიმრების ამოყვანა სასადილო შენობიდან, სადაც ხანძარი იყო გაჩენილი და ამის შემდეგ უკვე როდესაც ადგილზე მოვიდა დაგვიანებით სახანძრო-სამაშველო დახმარება, ამის შედეგ მოხდა პატიმრების გადაყვანა თავიანთ საკნებში," - ამბობს ანა კეკელიძე. 

დღის ამბები