20 ნოემბერი 2024,   07:49
ვრცლად
რატომ არ გავრცელდა პატიმრების გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გუშინ - იუსტიციის მინისტრის განმარტება

რატომ არ გაავრცელა იუსტიციის სამინისტრომ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის, რუსთავის მე-17 დაწესებულებაში გაჩენილი ხანძრის შედეგად გარდაცვლილ პატიმრებზე ინფორმაცია გუშინ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის განმარტებით, ფაქტის შესახებ გარდაცვლილი პატიმრების ოჯახებს ინფორმაცია უწყებამ გუშინვე მიაწოდა.

"ჩვენ დადგენილი წესით გარდაცვალების ფაქტი ძალიან მალე შევატყობინეთ მათი ოჯახის წევრებს, ეს არის დადგენილი ფაქტი. 

მთელი საღამოს განმავლობაში მიმდინარეობდა ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები, ასევე სახანძრო უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ციხის ტერიტორიას არ მიეწოდებოდა ელექტრო ენერგია. ეტაპობრივად დაიწყო ელექტრო ენერგიის აღდგენა და დაკავებული ვიყავით თითოეული პატიმრის უსაფრთხოებით. 

პირადად ვიმყოფებოდი ადგილზე, სადაც ციხის ადმინისტრაციასთან ერთად ვაკვირდებოდი ვითარებას და მთელი გუშინდელი საღამო მოცულით ვიყავით იმით, რომ არცერთი პატიმარი არ ყოფილიყო დაშავებული და ყოფილიყო სიმშვიდე,"-აღნიშნა "დღის კურიერში" იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.   

შეგახსენებთ, რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში გაჩენილ ხანძარს 2 ადამიანი ემსხვერპლა.

დღის ამბები