რუსთავის ციხეში გაჩენილი ხანძრის შედეგად გუშინ 2 პატიმარი გარდაიცვალა, თუმცა, ამის შესახებ ცნობილი მხოლოდ დღეს გახდა. სიკვდილის მიზეზი ძლიერი დაკვამლიანებაა. გარდაცვლილები მეხანძრეებმა იპოვეს.
ხანძარი რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში მოულოდნელად გაჩნდა. დაღუპულებიდან ერთ-ერთი თავად ცდილობდა გამოღწევას, თუმცა, მას გისოსებმა შეუშალა ხელი. ხანძარს შეეწირა მის დასახმარებლად შესული კიდევ ერთი პატიმარი.
როგორც აღმოჩნდა, საფრთხე კიდევ უფრო დიდი იყო, თუმცა ქარის მიმართულებამ კორპუსი, სადაც ათეულობით მსჯავრდებული იმყოფებოდა, ცეცხლის გავრცელებას გადაარჩინა.
საპატიმროში ხანძრის გაჩენის შემდეგ ადგილზე მივიდა იუსტიციის მინისტრი. რატი ბრეგაძემ უარყო ინფორმაცია სახანძრო-სამაშველო ბრიგადების დაგვიანებულ რეაგირებასთან დაკავშირებით.
გადარჩენილი პატიმრები დღეს უფლებადამცველებმაც მოინახულეს. გავრცელებული ინფორმაცია ბუნტის შესახებ მედიასთან არც ერთმა ადვოკატმა არ დაადასტურა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზების დასადგენად მოკვლევა სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა დაიწყო.
რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში მომხდარ ფაქტზე გამოძიება 2 მუხლით მიმდინარეობს - სახანძრო უსაფრთხოების წესების შესაძლო დარღვევა და პენიტენციური სამსახურის თანამშრომლის მხრიდან საკუთარი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება, რამაც ერთი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.