კორონავირუსის მე-5 ტალღის დაწყება ოფიციალურად გამოცხადდა. დადასტურებული შემთხვევების რიცხვი ყოველდღიურად იზრდება - შესაბამისად, მომატებულია მიმართვიანობა კოვიდკლინიკებში.
ექიმების თქმით, საწოლფონდი პაციენტების მისაღებად მზად არის, თუმცა მე-5 ტალღის მაღალი ნიშნულიდან დაწყება ნიშნავს, რომ მომდევნო დღეებში ათასობით ახალი შემთხვევა გამოვლინდება და კოვიდკლინიკებს პაციენტების მიღება გაუჭირდებათ.
ეპიდემიოლოგებს ვირუსის დამარცხების მთავარ გზად ვაქცინაცია მიაჩნიათ.
"75 საწოლზე მეტს უბრალოდ ვერ გავშლით ვერანაირად. ამიტომ, ალბათ კიდევ სხვა კლინიკების დამატება დასჭირდებათ. უბრალოდ, ყველა პაციენტი ნამდვილად არ საჭიროებს ხოლმე ჰოსპიტალიზაციას და ჰოსპიტალური სექტორის განტვირთვის მიზნით, სასურველია, რომ 112-ის მიერ მოხდეს ტრიაჟის ჩატარება. თუმცა, წლამდე ასაკის ბავშვები, რადგანაც ისედაც ახალშობილები რისკჯგუფია, იმიტომ, რომ მათი იმუნური სისტემა უმწიფარია და ნებისმიერი ინფექცია მძიმედ გადააქვთ ასეთ ასაკში და ჩვილებთანაც მძიმედ მიმდინარეობს შედარებით, ამიტომ ასეთი ბავშვები მაინც ჯობია, რომ მოთავსდნენ კლინიკაში," - აცხადებს მაია ჩხაიძე.
სპეციალისტები ამბობენ, რომ მომდევნო კვირაში შესაძლოა, იმდენად გაიზარდოს ინფიცირებულთა რაოდენობა, დღის წესრიგში საველე ჰოსპიტლების აუცილებლობა დადგეს.
ამ ფონზე, ვაქცინაციის დაბალ ნიშნულზე საუბრობს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე. მისი თქმით, მიზანი, რომელიც მოსახლეობის 60%-ის იმუნიზაციას გულისხმობს, 8 თვის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.
"ინფიცირების მატების შეკავების ერთადერთი ბერკეტი - ეს არის ვაქცინაცია. ამ ბერკეტს ჩვენ არ ვიყენებთ, ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები, სამწუხაროდ, არ იცვლება ისე, როგორც საჭიროა. ეს ეხება ნიღაბს, დისტანცირებას, აქედან გამომდინარე, რისკი მომავალი პერიოდის პროგნოზის თვალსაზრისით, ეს პროგნოზი, სამწუხაროდ, ნეგატიურია, მართლაც არსებობს.
ჩვენ იმისათვის, რომ 60%-იანი ზღურბლი გადავლახოთ, კიდევ 800 000 ადამიანის ვაქცინაცია გვჭირდება. თუ ამ ტემპს შევხედავთ, რაც ბოლო დღეებში გვაქვს, ჩვენ 800 000 ვაქცინას გავაკეთებთ 5-6-8 თვის განმავლობაში," - აცხადებს ივანე ჩხაიძე.