241 მილიონზე მეტი ინფიცირებული და 5 მილიონამდე გარდაცვლილი, ასეთია ამ დრომდე მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის გავრცელების ბოლო სტატისტიკა.
გასული კვირის განმავლობაში ინფიცირებისა და გარდაცვალების განსაკუთრებით მაღალი მონაცემები შენარჩუნებულია რუსეთსა და თურქეთში. რუსეთში, გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 34 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 997 ადამიანი, თურქეთში კი 24 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
მკაცრი ლოქდაუნი კიდევ ორი კვირით გაგრძელდება ახალი ზელანდიის ყველაზე დიდ ქალაქში, ოკლენდში. გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში კი ვაქცინებთან დაკავშირებულ უთანასწორობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ვირუსის ახალი ვარიანტების უკონტროლო გავრცელების თავიდან ასარიდებლად საჭიროა ქვეყნებმა კოორდინირებულად და მიკერძოების გარეშე ითანამშრომლონ.
"დღეს ოკლენდში შეზღუდვების 62-ე დღეა. მოსახლეობის ვაქცინაციის პარალელურად რეგულაციები დაგვეხმარა დაბალი მაჩვენებლების შენარჩუნებაში. ჩვენ ორივე ბერკეტი გვჭირდება, შეზღუდვებიც და ვაქცინაციაც, რადგან "დელტა" შტამის გამო მხოლოდ ერთის იმედზე ვერ ვიქნებით. თუ დაბალ სტატისტიკას შევინარჩუნებთ, შევძლებთ კოვიდის მართვას და მომავალში რეგულაციების შემსუბუქებას. ეს არის ყველას მიზანი," - აცხადებს ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი ჯასინდა არდერნი.