კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი საქართველოში ყოველდღიურად იზრდება. ეპიდემიოლოგებს ვირუსის დამარცხების მთავარ გზად ვაქცინაცია მიაჩნიათ.
დღეს ე.წ. მარათონი კავთისხევიდან დაიწყო, სადაც ადგილზე თავად ჩავიდა ამირან გამყრელიძე ჯანდაცვის მინისტრთან ერთად და ადგილობრივ მოსახლეობას ვაქცინაციისა და მისი მნიშვნელობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის განცხადებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმუნიზაციის პროცესში 60 წელს ზევით მოქალაქეების ჩართვა.
"სულ მცირე, ერთი ამდენი უნდა ავიცრათ, რომ ახალი წელი გვქონდეს შედარებით მშვიდობიანი. ამიტომ, უმორჩილესად გთხოვთ ყველას და მარათონის დანიშნულებაც ეს არის, რომ 50 დიდ სოფელში, სადაც ცხოვრობს დაახლოებით 160 000 ადამიანი, მაქსიმალურად მოცვა ჰქონდეს. და განსაკუთრებით იმ ასაკის მოსახლეობა, რომელიც პირველ რიგში უნდა აიცრას. სიკვდილიანობა გვაქვს 95% 60 წლის ზემოთ ასაკში.
ყოველდღიურად ჩვენ აღვნუსხავთ, რომ საავადმყოფოში ვინც წევს, 95% აუცრელია. რეანიმაციაში ვინც ხვდება, 98% აუცრელია. სამწუხაროდ, გამოსავალი ცუდი სადაც არის, 98% აუცრელია. უნდა გავითავისოთ, იმიტომ, რომ ეს არის პასუხისმგებლობა, ჩვენი სამოქალაქო პასუხისმგებლობა ჩვენი მოსახლეობის, ქვეყნის წინაშე," - აცხადებს ამირან გამყრელიძე.