ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი "დღის კურიერში" აცხადებს, რომ მასწავლებლების სავალდებულო ვაქცინაცია უკვე დაგვიანებულია, თუმცა არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით დასძენს, რომ საბოლოო ჯამში აცრა არასოდეს არის გვიან.
ბიძინა კულუმბეგოვი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო მოხელეებს, პედაგოგებს, სამედიცინო პერსონალს და ყველა იმ პირს, ვინც ხელფასს სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს, ვაქცინაციისგან თავის დაღწევის უფლება არ უნდა ჰქონდეს.
"მე ვფიქრობ, რომ სავალდებულო ვაქცინაცია უკვე დაგვიანებულია, მაგრამ არასოდეს გვიანი არ არის, რა თქმა უნდა. ჩვენ ყველა დღე, როცა ვაქცინაციის ნიშნულს ავწევთ, რომელიც ძალიან ქვემოთ არის ახლა ჩამოსული განსხვავებით აგვისტო-სექტემბრისა, რასაკვირველია ეს ითარგმნება პირდაპირ გადარჩენილი ადამიანების სიცოცხლეში.
ამიტომ, პედაგოგები იქნება ეს თუ სახელმწიფო მოხელეები იქნებიან, თუ ყველა, ვინც ბიუჯეტიდან იღებს ხელფასს და სამედიცინო პერსონალი, რასაკვირველია, მანდატორული ვაქცინაცია, თუ ადამიანს ახლა აქვს დროებითი გადავადების უკუჩვენება, ეს შეიძლება იყოს რამე მწვავე დაავადება, რა თქმა უნდა, ეს აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, თუ ექნება ექიმის ჩანაწერი, ან სხვა რაიმე უიშვიათესი უკუჩვენება, ალერგენები, რომლებიც შემავალია ვაქცინაში, თუ მის მიმართ აქვს ადამიანს ანაფილაქსია, სულ რამდენიმე გამონაკლისი არსებობს, ერთი დროებითია და მუდმივი არის თითზე ჩამოსათვლელი, სხვა შემთხვევაში ადამიანს არ უნდა ჰქონდეს უფლება ვაქცინაციისგან თავის დაღწევის, ან ალტერნატივა უნდა იყოს რასაკვირველია ინტენსიური ტესტირების რეჟიმი. სხვანაირად, ეს რაც უფრო დაგვიანდება, ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო უკან-უკან წავა," - აცხადებს ბიძინა გულუმბეგოვი.