8 ოქტომბერს ბათუმში მომხდარი უბედური შემთხვევის დროს დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად, ნახევარი მილიონი ლარი გადაირიცხება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, დედაქალაქის საკრებულომ უკვე განიხილა ბიუჯეტში ცვლილების შეტანის საკითხი და თანხა, რომელიც "თბილისობის“ ღონისძიებისთვის იყო გამოყოფილი, სპეციალურად შექმნილ ფონდში გადამისამართდება.
"როგორც მოგეხსენებათ, მივიღეთ გადაწყვეტილება „თბილისობის“ ღონისძიების გაუქმებასთან დაკავშირებით. ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის გამო, სატელევიზიო კონცერტი, რომელიც უნდა გამართულიყო, არ გაიმართება და ამისთვის გამოყოფილ თანხას სპეციალურად შექმნილ ფონდში მივმართავთ, რომელიც ამ ტრაგედიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად შეიქმნა. გუშინ საკრებულომ განიხილა თბილისის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის საკითხი. სარეზერვო ფონდში გადამისამართდა „თბილისობისთვის“ გამოყოფილი ნახევარი მილიონი ლარი და ფონდიდან დღესვე გადაირიცხება დაზარალებული ოჯახებისთვის შექმნილი ფონდის ანგარიშზე. ეს არის თბილისის და თბილისელების ფული და ვინაიდან თბილისი არასოდეს გამდგარა განზე ასეთ დროს, ეს თანხაც იქნება ბათუმისადმი გამოხატული მხარდაჭერის, გვერდში დგომისა და თანაგრძნობის ერთგვარი გამოხატულება თბილისისგან“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, დედაქალაქის მერმა ავარიული სახლების პრობლემაზეც ისაუბრა, რომელიც თბილისში საკმაოდ აქტუალურია. მისი თქმით, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, მუნიციპალიტეტი ავარიული შენობა-ნაგებობის ჩანაცვლების პროგრამას განახორციელებს.
"ზოგადად, ავარიული სახლების თემა თბილისშიც აქტუალურია. ჩვენ ვართ ის გუნდი, რომელმაც ამ ქალაქში არსებული პრობლემები და მათი მოგვარების გზები იცის. თბილისელებს წარვუდგინეთ ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა. ამ ყველაფერზე ორი თვის განმავლობაში ვსაუბრობდი და საერთოდ არავინ დაინტერესებულა ჩვენი საარჩევნო პროგრამით, განსაკუთრებით, ოპონენტები და მათი მედიასაშუალებები. როგორც კი ბათუმში ეს ტრაგედია დატრიალდა, შემდეგ ყველა გამოვიდა და დაიწყო საუბარი იმაზე, თუ როგორი ავარიული შენობები გვაქვს თბილისში. დიახ, ეს არის ერთ-ერთი უდიდესი პრობლემა. გვაქვს 10 000-მდე შენობა-ნაგებობა, რომელსაც სხვადასხვა კატეგორიის ავარიულობის ხარისხი აქვს მინიჭებული. წლების განმავლობაში, ჩვენ მსგავს შენობებს ვამაგრებდით. ახლა კი სრული ჩანაცვლების პროგრამა დავდეთ. ამ ყველაფერს გავაკეთებთ ისე, რომ ყველა ხარჯი თავის თავზე დედაქალაქის მუნიციპალიტეტმა აიღოს და მოსახლეობას ამაში ერთი თეთრიც არ დაეხარჯება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.