ოპოზიციის წევრები ფოთში მმართველ პარტიასა და საარჩევნო ადმინისტრაციას საუბნო კომისიის წევრებისა და თავმჯდომარეების განთავისუფლებაში სდებენ ბრალს.
ფოთში მერობის კანდიდატის, გიგი უგულავას შტაბის ხელმძღვანელის თქმით, მმართველმა პარტიამ აღნიშნულ პოზიციებზე დასაქმებულებს პირადი მიზეზის საფუძველზე დააწერინეს განცხადება.
"ქალაქ ფოთში უკვე 5 საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მდივანი და მოადგილე გადადგა. მიზეზი არის ის, რომ მათ არ შეასრულეს "ქართული ოცნების" დაკვეთა," - აცხადებს ფოთის მერობის კანდიდატ გიგი უგულავას საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ლევან თარხნიშვილი.
ფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ოპოზიციის ბრალდებებს არ ეთანხმება. სალომე როდონაია ამბობს, რომ საუბნო კომისიებმა ძალიან კარგად და შესაბამისი კანონის დაცვით იმუშავეს.
"პირველი ტურის შემდეგ ამათ ავტომატურად უგრძელდებათ უფლებამოსილება, მაგრამ თუ კი მათ მეორე ტურში არა აქვთ სურვილი მონაწილეობა მიიღონ, მათ შეუძლიათ პირადი განცხადების საფუძველზე მიმართონ საოლქო კომისიას და საოლქო კომისია ვალდებულია უფლებამოსილება შეუწყვიტოს მათ და გამოაცხადოს კონკურსი," - აცხადებს სალომე როდონაია.