C ვიტამინი გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის ნაცვლად - ათეულობით ადამიანი თბილისში სამედიცინო თაღლითობის მსხვერპლი გახდა.
ივანე ჯავახიშვილის 83-ში მდებარე კლინიკის მედპერსონალმა სეზონური აცრის მსურველებს დაპირებული პრეპარატის "ვაქსიგრიპის" ნაცვლად, წინასწარი ინფორმაციით, ასკორბინის მჟავის ინიექცია გაუკეთა. პრეპარატს, რომლის ფასიც სააფთიაქო ქსელებში 3 ლარამდე მერყეობს, 75 ლარად ასაღებდნენ.
"გოგელიას" კლინიკაში გრიპისგან დაცვას რისკჯგუფის 35-მდე მოქალაქეს დაჰპირდნენ. მათ შორის იყვნენ მცირეწლოვნები, 60 წელს გადაცილებული პირები და ონკოპაციენტები. ეჭვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც ერთ-ერთმა მოქალაქემ ორგანიზმში შეყვანილი ინიექციის შეფუთვის დათვალიერება მოითხოვა.
40-მდე ადამიანს ე.წ. აცრა ექიმმა გიორგი ჩენდლერმა გაუკეთა, რომელიც არსებული ინფორმაციით, ამავე დროს გოგელიას კლინიკის ხელმძღვანელია. ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციის სააგენტოს ინფორმაციით, ჩენდლერს 2020 წელს 4 ყალბი სერტიფიკატი აღმოუჩინეს და მას საქმიანობის უფლება აეკრძალა. მის კლინიკას იმუნიზაციის პროცესის განხორციელების უფლება არ ჰქონდა.
ფაქტზე მოკვლევას ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტო აგრძელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროში კი, გამოძიება 180-ე თაღლითობის მუხლით დაიწყო.