"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ საზოგადოებას "კოალიციური მთავრობის" კანდიდატები წარუდგინა და ჩამოთვალა ის საკადრო ცვლილებები, რომლის განხორციელებასაც ის აპირებს არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში.
ცნობილი გახდა, რომ ნიკა მელიას გამარჯვების შემთხვევაში "თბილსერვისს" ბესო გაზდელიანი უხელმძღვანელებს, რომელსაც საზოგადოების ნაწილი საკმაოდ კარგად იცნობს წარსული საქმიანობიდან გამომდინარე.
სააგენტო "აიპრესი" ავრცელებს ვიდეოს, სადაც ჩანს, მოსახლეობისგან მიღებული საყვედურის გამო როგორ გადადის ფიზიკურ შეურაცხყოფაზე ბესო გაზდელიანი, სახალხო დამცველის მწვავე კრიტიკის საგანი გახდა.
"ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ბესო გაზდელიანი სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა, იყო სამგორის რაიონის გამგებლის მოადგილეც, რომლის სახელსაც უკავშირდება არაერთი ხმაურიანი განცხადება მაშინდელი სახალხო დამცველის, გიორგი ტუღუშის და მაშინდელი ახალგაზრდა იურისტების თავმჯდომარის, თამარ ჩუგოშვილის მხრიდან.
ჯერ კიდევ მაშინდელი საქართველოს სახალხო დამცველი, გიორგი ტუღუში მიიჩნევდა, რომ თბილისის ისანი-სამგორის რაიონის გამგებლის მოადგილის მიერ "ჩადენილი სამართალდარღვევით" "შესაბამისი ორგანოები" უნდა დაინტერესებულიყვნენ. საუბარი იყო 2012 წლის 14 მაისს მომხდარ ხმაურიან დაპირისპირებაზე, რომლის დროსაც ბესო გაზდელიანმა ფიზიკური ძალა გამოიყენა.
2012 წლის 16 მაისს გამოქვეყნებულ საგანგებო განცხადებაში სახალხო დამცველი შეახსენებს თითოეულ საჯარო მოხელეს, რომ მას, "რიგითი მოქალაქეებისაგან" განსხვავებით, საჯარო კრიტიკის მიმართ "თმენის ვალდებულება გააჩნია", რაც "კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს იმ დროს, როდესაც ის პროფესიულ მოვალეობას ასრულებს."
"საჯარო მოხელე მაქსიმალურად უნდა შეეცადოს თავი შეიკავოს შეუფერებელი ქცევისგან, მით უფრო მიუღებელია ცალკეული მოქალაქეების ფიზიკური შეურაცხყოფა ან კონფლიქტის პროვოცირება, რასაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი," - წერდა სახალხო დამცველი.
მედიის მიერ გავრცელებული ვიდეომასალის მიხედვით, ჩანს, რომ წყალდიდობის შედეგად დაზარალებული ადამიანების დახმარებისთვის ის მეტ დაფასებას მოელოდა:
"მე ვარ გამგებლის მოადგილე ბესო გაზდელიანი… დილიდან საღამომდე აქა ვარ და რა საყვედურებით გვაძღობთ, არ ვიცი, რა… რა გნებავთ, ვერ ვხვდები, რა…"
გავრცელებული ვიდეომასალის მიხედვით, ბესო გაზდელიანისა და ერთ-ერთი მოქალაქის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც გამგებლის მოადგილე ჩხუბს "გამშველებლების გარეშე" ითხოვდა.
გაზდელიანი აცხადებდა, რომ ის, როგორც ქართველი კაცი, "ნაციონალური მოძრაობის" შეურაცხყოფას ვერ აიტანდა.