კორონავირუსის არსებული მაჩვენებლებიდან გამომდინარე მედიკოსები თვლიან, რომ ქვეყანაში ვირუსის პიკი გაცილებით მძიმე იქნება, ვიდრე ზაფხულში იყო. განსაკუთრებით რთული ვითარებაა რეგიონებში - კახეთსა და იმერეთში.
ეპიდემიოლოგები მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ და მის მნიშვნელობაზე საუბრობენ.
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ საქართველომ მსოფლიოში ვირუსის გავრცელების კუთხით, წამყვან პოზიციაზე გადაინაცვალა.
"საქართველომ წამყვან პოზიციაზე გადაინაცვლა, ძალიან არასახარბიელოა, მაგრამ დღეს ვართ მსოფლიოში მეხუთე ადგილზე ერთ მილიონ მოსახლეზე ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით. ძალიან მაღალი მაჩვენებელია და სამწუხაროდ, ჯერ რთულია თქმა, კიდევ უფრო გაუარესდება თუ არა მდგომარეობა, მაგრამ ის ციფრები, რომელიც გვაქვს, მიუთითებს იმაზე, რომ პროგნოზი ამ მხრივ კეთილსაიმედო ნამდვილად არ არის,“ - ამბობს ივანე ჩხაიძე.