ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი ბათუმის საკონტეინერო ტერმინალში იმყოფებოდა.
ის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელს, თამარ იოსელიანს შეხვდა.
შეხვედრაზე, ევროკავშირის მხარდაჭერით შემუშავებული საზღვაო ტრანსპორტის სტრატეგიის პრეზენტაცია გაიმართა.
ელჩმა, ბათუმის საკონტეინერო ტერმინალიც დაათვალიერა.
მისი განცხადებით, შავი ზღვის მიმართულებით, სტრატეგიული ურთიერთობები უნდა გაღრმავდეს და შავი ზღვა, გახდეს არა გამყოფი არამედ დამაკავშირებელი რგოლი ევროპის ქვეყნებთან.
"ჩვენ გვაქვს ძალიან სტრატეგიული დღის წესრიგი, რაც ემყარება ევროკავშირი საქართველოს ურთიერთობების საკვანძო პრინციპებს. ეს არის შავი ზღვით კავშირების გაძლიერება, იმისათვის რომ შავი ზღვა გამყოფიდან, გადაიქცეს ხიდად ევროკავშირსა და საქართველოს შორის. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი შედეგები.
ახლა მქონდა შეხვედრა, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსთან. ჩვენ ვისაუბრეთ მომავალ თანამშრომლობაზე, ვიმუშავებთ რომ გვქონდეს საბორნე ხაზი.
ვიმუშავებთ, რომ საქართველოს მეზღვაურებმა სხვა დროშების ქვეშ მუშაობა შეძლონ. გვაქვს ერთობლივი გეგემები ასევე მეთევზეობის და ზღვასთან დაკავშირებული სხვადასხვა მიმართულებების განვითარებაზე. ჩვენ ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაქვს და ეს მუშაობა გრძელდება ყველა დაინტერესებულ მხარესთან ერთად,"- განაცხადა ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა.