რუსთავის მერობის "ქართული ოცნების" კანდიდატი ნინო ლაცაბიძე მოსახლეობას ლიფტებით უფასოდ სარგებლობას ჰპირდება. ამის შესახებ მან დღეს ბრიფინგზე განაცხადა.
ნინო ლაცაბიძის თქმით, ლიფტების სრულად ჩანაცვლებამდე, მისი მერად არჩევის შემთხვევაში, მოქალაქეებს მგზავრობა უფასოდ შეეძლებათ.
"ახალი წლიდან რუსთავში ლიფტებით სარგებლობა იქნება უფასო. ძველი, ამორტიზირებული ლიფტების ახალი ლიფტების სრულად ჩანაცვლებამდე, ჩემი მერობის პერიოდში ბიუჯეტიდან დამატებით გამოიყოფა თანხები, რომ ახალი პროგრამის განხორციელება დავიწყოთ. პროგრამას განვახორციელებთ კორპუსის ამხანაგობებთან ერთად და შევძლებთ, რომ ლიფტების ელექტროენერგიის თანხა, რომლის შეგროვება უწევს სამეზობლოს, გადაიხადოს რუსთავის მერიამ, ასევე გავაუქმებთ ამ პროგრამის ფარგლებში ამხანაგობებთან შეთანხმებით, ე.წ. ხურდის ჩასაყრელ ყუთებს და დავიწყებთ კიდევ უფრო აქტიურად ძველი ამორტიზირებული ლიფტების ახალი ევროპული სტანდარტების ლიფტებით ჩანაცვლებას," - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.