ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს სილვიუ დომენტეს და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, პირველადი ჯანდაცვის ევროპული ცენტრის ოფისის ხელმძღვანელს მელიტა ჯაკობს შეხვდა.
ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, მხარეებმა პირველადი ჯანდაცვის რეფორმა განიხილეს, რომელიც დაავადების დიაგნოსტიკას, მკურნალობისა და პროფილაქტიკის კუთხით ღონისძიებების ხარისხის ამაღლებასა და ექიმების კვალიფიკაციას გულისხმობს. პირველადი ჯანდაცვის ფუნდამენტური რეფორმის ფარგლებში მოხდება პაციენტების პრევენცია, მკურნალობა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გრძელვადიანი მართვა, რომელიც ქალაქისა და სოფლის მოსახლეობისთვის თანაბრად იქნება ხელმისაწვდომი.
როგორც ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ განმარტა, პირველადი ჯანდაცვის რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანია.
"რეფორმის განხორციელებაში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა გუნდი გვეხმარება. ფუნდამენტური რეფორმა ექიმებისა და ექთნების სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ანაზღაურების გადახედვას ითვალისწინებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ხარისხიან, სამედიცინო სერვისებზე უწყვეტი ხელმისაწვდომობა ჰქონდეს," - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
როგორც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, პირველადი ჯანდაცვის ევროპული ცენტრის ოფისის ხელმძღვანელმა მელიტა ჯაკობსმა აღნიშნა, პირველადი ჯანდაცვის ობიექტების საჭიროება ძალიან მნიშვნელოვანია:
"საქართველოში პირველადი ჯანდაცვის რეფორმა მიმდინარეობს, რომლის მთავარი მიზანი არის ის, რომ ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო გაიზარდოს და საქართველოს მოქალაქეებს მეტი სიკეთე მოუტანოს. პირველადი ჯანდაცვის ობიექტების საჭიროება ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთებით პანდემიის პირობებში. არის დაავადებები, რომელთა მართვაც არაა საჭირო სამედიცინო დაწესებულებებში მოხდეს. ეს შესაძლებელია პირველადი ჯანდაცვის დონეზეც იმართოს. მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო მხარდაჭერა ამ რეფორმის მიმართ," - განაცხადა მელიტა ჯაკობსმა.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, რეფორმაში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა ქრონიკული და ინფექციური დაავადებების კონტროლს, ასევე დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის საკითხებს.
პირველადი ჯანდაცვის სერვის პაკეტის ძირითადი მიზნებია: ციფრული ჯანდაცვის სერვისების გამოყენების გაფართოება, პირველადი ჯანდაცვის, როგორც კონტაქტის პირველი რგოლის გაძლიერება, ოჯახის ექთნის როლის გაზრდა, ინდივიდუალური რისკის შეფასება და ქრონიკული დაავადებების მართვა. კერძოდ, საგანმანათლებლო და საკონსულტაციო სერვისების დანერგვა პაციენტის უკეთესი თვით მართვის მიზნით.