ფრანგი ჟურნალისტები საქართველოს ტურისტულ მიმართულებას ეცნობიან. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და "Culinary & Wine Expedition"-ის თანაორგანიზებით საქართველოს პოპულარული ფრანგული გამოცემების ჟურნალისტები და ფოტოგრაფები ეწვივნენ.
Le Figaro-ს, AR Magazine-ის, Voyages de Luxe-ისა და სხვა მაღალრეიტინგული ჟურნალების წარმომადგენლებმა თბილისი, მცხეთა, უფლისციხე, ბორჯომი, ახალციხე, ვარძია, წინანდალი და სხვა ტურისტულად პოპულარული ადგილები მოინახულეს.
დაათვალიერეს ღვინის მარნები, დააგემოვნეს ქართული ღვინო, გაეცნენ ქართულ სამზარეულოსა და ეწვივნენ მუზეუმებს.
"საქართველო ფანტასტიკური ქვეყანაა, ხალხი საოცრად სტუმართმოყვარეა, ქართული სამზარეულო შესანიშნავია. როგორც ფრანგი საოცრად მოვიხიბლე ქართული კერძებით. თქვენი ქვეყანა ძალიან მრავალფეროვანი ბუნებით გამოირჩევა. ჩვენ ვიყავი ბორჯომში, ავედით მთებში, შემდეგ წავედით კახეთში, სადაც სრულიად განსხვავებული ატმოსფეროა. საქართველოში ძალიან დიდი და სასიამოვნო გამოცდილება მივიღეთ," - განაცხადა Le Figaro-ს ჟურნალისტმა, ჟან ბერნარდ კარილემ.
"ძალიან მოვიხიბლე ქართული სტუმარმასპინძლობით, ჩვენ ვიყავით საოჯახო მარნებში, შევხვდით ადგილობრივებს, დავაგემოვნეთ ქართული ღვინო. კოვიდურ პერიოდში მოგზაურები ახალი ტურისტული მარშრუტებით და საინტერესო პროდუქტების აღმოჩენით ინტერესდებიან და ამ მიმართულებით საქართველოს დიდი შესაძლებლობები აქვს. სხვა ქვეყნების მსგავსად საქართველოს აქვს საინტერესო ისტორია, მონასტერი, მაგრამ ვფიქრობ ქართული სტუმართმოყვარეობა სხვებისგან გამორჩეულია," - აღნიშნა Unique Experiences-ის ხელმძღვანელმა, იზაბელა კორნეტმა.
ტურის ფარგლებში, 2020 წლისთვის საქართველოს გასტრონომიული ტურისტული პოტენციალის, ქართული ღვინის, კულტურისა და ქალაქების შესახებ სტატიები, ფოტო-რეპორტაჟები და გადაცემები მომზადდება, რომელსაც ფრანგულენოვანი მკითხველი და ტელემაყურებელი საფრანგეთში, კანადაში, შვეიცარიაში, ბელგიაში, ლუქსემბურგში, მონაკოში, ლიბანსა და სხვა ქვეყნებში გაეცნობა.