ეპიდემიოლოგიური ვითარება ქვეყანაში მძიმე რჩება. ინფიცირებულთა მაჩვენებელი ყოველდღიურ ზრდას ისევ განაგრძობს. გასულ დღესთან შედარებით, დღიური დადებითი შემთხვევების რაოდენობა 300-ით გაიზარდა. რეანიმაციულ განყოფილებებში ადგილების 80% უკვე დაკავებულია. 1500-მდე განსაკუთრებით მძიმე პაციენტი კი ამ დრომდე სიცოცხლისთვის იბრძვის და ოფიციალური ინფორმაციით, მათგან 99% აუცრელია.
დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა პედიატრიულ განყოფილებებზეც აისახა. ციციშვილის ბავშვთა კლინიკაში ამბობენ, რომ კორონავირუსის გარდა მაღალია სეზონური გრიპით ინფიცირების შემთხვევებიც, რაც ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს.
ვირუსის გავრცელების სტატისტიკის მატებას სპეციალისტები ვაქცინაციის ტემპების შემცირებასა და რეგულაციების დაუცველობას უკავშირებენ. თენგიზ ცერცვაძე საზოგადოებას კიდევ ერთხელ იმუნიზაციის პროცესში აქტიურად ჩართვისკენ მოუწოდებს და ახსენებს, რომ ნებისმიერ შემთვევაში აცრა ადამიანს ვირუსის მძიმე მიმდინარეობისგან და ლეტალობისგან იცავს.
სანამ საქართველო ჯერ კიდევ დელტა შტამს ებრძვის, მსოფლიო "კოვიდ -19"-ის ახალი მუტირებული ვერსიის გავრცელების საფრთხის წინაშე დგას. ახალი შტამით ინფიცირების მასობრივი მატება, ევროპის ქვეყნების შემდეგ, რუსეთში უკვე დაფიქსირდა. გეოგრაფიული ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი საქართველოშიც მალე გავრცელდეს.