ბათუმის ტრაგედიის დროს გადარჩენილი ზვიად თავდგირიძე საავადმყოფოდან გაწერეს. სადაც ის ცხოვრობდა, ახლა მხოლოდ ნანგრევები, ნგრევას გადარჩენილი დაცლილი ბინები და 9 გარდაცვლილის მემორიალია.
ზვიად თავდგირიძემ, 8 ოქტომბერს, 11 საათი ნანგრევებში, გასული 16 დღე კი - კლინიკაში გაატარა. საავადმყოფოში შეყვანის დროს მისი მდგომარეობა ფასდებოდა როგორც მძიმე და ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო შეერთებული.
როგორც ბათუმის კლინიკა ”მედცენტრის” ექიმი, მერაბ მიქელაძე ამბობს, კლინიკაში შეყვანის დროს დაშავებულის მდგომარეობა მძიმე იყო და მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა.
"მდგომარეობა იყო მძიმე, გამომდინარე იქიდან, რომ ჰქონდა მრავლობითი დაზიანებები. ძირითადად, დაზიანება იყო ზოგადად ტრამვული ხასიათის, შოკი, პოლიორგანული უკმარისობა. ამასთან ერთად, მოტეხილობა მარცხენა მცირე წვივის ძვლის და ასევე ხანგრძლივი ზეწოლის სინდრომი ჰქონდა ძირითადად გამოხატული მარჯვენა ზედა კიდურის და გულმკერდის არეში.
ინტენსიური თერაპიის ჩატარების შემდგომ მდგომარეობა დასტაბილურდა. რჩება გარკვეული ტრამვის შემდგომი ნარჩენი მოვლენები. ეს არის, ძირითადად, ზედა კიდურის ნერვის მგრძნობელობის დაქვეითება, რომელსაც სჭირდება ხანგრძლივი რეაბილიტაცია, ძირითადად ამბულატორიულად და ეს გაგრძელდება დაახლოებით, 6 თვის განმავლობაში,“ - ამბობს ბათუმის კლინიკა ”მედცენტრის” ექიმი, მერაბ მიქელაძე.
როგორც ზვიად თავდგირიძის ოჯახის წევრები ამბობენ, ის ტრაგედიის შემდეგ მძიმე სტრესში იმყოფება და რეაბილიტაცია სჭირდება.