რძის ნაწარმი, ხორცი, ხილ- ბოსტანი და სხვა სურსათი, რომლის რეალიზაციაც ვერ ხერხდება, დახლებიდან, უტილიზაციის ნაცვლად, ქველმოქმედებისთვის იქნება გამოყენებული. "სურსათის ბანკი" - ასე ეწოდება ახალ ინიციატივას, რომლის მთავარი მიზანიც საღი პროდუქტის არა განადგურება, არამედ ბენეფიციარებისთვის განაწილებას გულისხმობს. ამის შესახებ აგრარულ საკითხთა კომიტეტი, გაეროს სოფლის მეურნეობისა და სურსათის ორგანიზაციასთან ერთად უკვე მუშაობს.
სიახლე, რომლის ამოქმედებაც მალე საქართველოში იგეგმება, მსოფლიოში აპრობირებული მეთოდია. უკვე გამოცდილი მოდელის მიხედვით, საკვები ბანკი ძირითადად რესტორნებთან, სასტუმროებთან და სუპერმარკეტებთან ითანამშრომლებს, რომლებიც წინასწარ განსაზღვრული გეგმის მიხედვით, უვნებელ პროდუქტებს "სურსათის ბანკს" მიაწვდიან. კვლევების მიხედვით, სურსათის მაღაზიებში თვეში მილიონობით ლარის პროდუქტი ნადგურდება, ამის გამო ინიციატივას მიესალმებიან მაღაზიათა ქსელების ხელმძღვანელები.
ინიციატივას უკვე გაეცნენ რესტორატორთა და რითეილ-ასოციაციის წევრებიც. აქ ამბობენ, რომ დღეს მოქმედი კანონით, ქველმოქმედების მიზნით გაცემული საკვებიც იბეგრება, ამიტომ თუ ახალი ინიციატივა განსხვავებული იქნება, ამას ბიზნესი მხოლოდ მიესალმება.
"სურსათის ბანკში" კერძო სექტორისთვის მონაწილეობა ნებაყოფლობითი იქნება, თუმცა წახალისებული შესაბამისი საგადასახადო რეჟიმით. ნებაყოფლობით უჭერს მხარს და ერთვება ინიციატივაში სასტუმროების არაერთი ქსელიც. მათთვის მნიშვნელოვანია, რომ სურსათის უვნებლობის მაქსიმალური დაცვა მოხდეს და საგადასახადო კანონმდებლობა ქველმოქმედების მიზნის შესაბამისად გადაიხედოს.
იმისთვის, რომ ბიზნესისთვის საკვებ ბანკში სურსათის დონაცია დამატებითი ფინანსური ტვირთი არ იყოს, კანონმდებლობა კერძო სექტორს განსხვავებულ დაბეგვრის რეჟიმს შესთავაზებს. ამაზე თავად კანონმდებლები საუბრობენ, თუმცა კონკრეტულად რა მექანიზმზეა საუბარი ჯერჯერობით უცნობია. ინიციატივა პარლამენტში, სავარაუდოდ ნოემბერში განიხილება.