მერვეკლასელებმა თანატოლი გოგონა ძველი რესტორნის შენობაში მიიყვანეს. ჯერ ფიზიკურად იძალადეს, შემდეგ საკუთარი თავის შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოხსენიება აიძულეს და კვლავ ცემით დაემუქრნენ.
"კურიერმა" გაარკვია, რომ ეს გოგონებს შორის კონფლიქტის პირველი შემთხვევა არ არის.
დაპირისპირება სოციალურ ქსელში დაწერილ კომენტარს მოჰყვა. გოგონა, რომელიც გავრცელებულ ვიდეოში მსხვერპლის როლშია, "კურიერის" ინფორმაციით, მანამდე ერთ-ერთ თანატოლს, რომელიც ამ ვიდეოს იღებს, თავად აბულინგებდა.
ვიდეო გოგონებმა სოციალურ ქსელ ტიკ-ტოკზე არასასურველი კომენტარის საპასუხოდ გაავრცელეს. პოსტმა ათასობით ნახვა დააგროვა და შესაბამისი სამსახურების ინტერესიც გამოიწვია. დაიწყო გამოძიება, კადრები კი სოციალური ქსელიდან მალევე გაქრა.
კონფლიქტის შესახებ ინფორმირებულია და შესაბამის ღონისძიებებს ატარებს ორი სკოლა, სადაც ერთმანეთთან დაპირისპირებული გოგონები სწავლობენ. სასწავლო დაწესებულებაში იმყოფებოდნენ ფსიქოლოგები და კადრებში მონაწილე მოზარდების მშობლების ნაწილი. ძალადობის მსხვერპლი კი პოლიციამ გამოკითხა, თუმცა ამ ეტაპზე საგამოძიებო მოქმედებებში აქტიურად ვერ მონაწილეობს.
არასამთავრობო სექტორში ამბობენ, რომ მსგავსი შემთხვევები ხშირად მოზარდებში სოციალურ ქსელში პოპულარობის მოპოვების მიზნით ხდება. სპეციალისტების განმარტებით, პრობლემის მოსაგვარებლად კომპლექსური სამუშაოების ჩატარებაა საჭირო როგორც ბავშვებთან, ასევე, სკოლასთან და მშობლებთან, რადგან ხშირ შემთხვევაში სხვებზე ძალადობის მსხვერპლი ბავშვები ძალადობენ.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მუქარას გულისხმობს, თუმცა არ არის გამორიცხული, ბრალი კიდევ უფრო დამძიმდეს და ძალადობად გადაკვალიფიცირდეს.