არის თუ არა გლდანის ნომერ მე-18 დაწესებულება მზად, რომ პაციენტი მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი მიიღოს?! ამას რეგულირების სააგენტო კიდევ ერთხელ შეისწავლის და კლინიკის მზაობასთან დაკავშირებით დასკვნას უახლოეს პერიოდში გაასაჯაროებს.
ყოფილი პრეზიდენტის გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა მართებულად არ მიაჩნია სახალხო დამცველს. ციხის საავადმყოფოში გადასვლაზე უარს ამბობს თავად სააკაშვილიც.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, სპეციალისტების კონსილიუმი რეგულარულად აფასებს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას მისი პირადი ექიმის და პენიტენციური სამსახურის ჯანდაცვის სპეციალისტების მითითებების საფუძველზე.
"ჯანდაცვის სამინისტრო ჩართულია ბატონი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვაში იმ მხრივ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ექსპერტები არიან შერჩეულნი კონსილიუმში მონაწილეობისთვის.
კონსილიუმი რეგულარულად აფასებს მის მდგომარეობას, მისი პირადი ექიმის და ასევე პენიტენციური სამსახურის ჯანდაცვის სპეციალისტების მითითების საფუძველზე.
ჩვენ მზად ვართ, რომ რეკომენდაციები, რომლებსაც გასცემენ კონსილიუმის ექიმები გავითვალისწინოთ და მოხდეს მაქსიმალურად ექსპერტების მობილიზება," - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.