არჩევნების მეორე ტურამდე 3 დღით ადრე მმართველი გუნდი შემაჯამებელ შეკრებას მართავს. თავისუფლების მოედანზე უკვე მზად არის სპეციალური სცენა, სადაც პოლიტიკური გამოსვლები ხუთი საათისთვის დაიწყება.
"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ შეკრება არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული და ის ხელისუფლებამ ჯერ კიდევ წინასაარჩევნოდ დააანონსა.
დღევანდელი ღონისძიების გამო რუსთაველის გამზირზე დღის მეორე ნახევარში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. ამ ღონისძიებით მმართველი ძალა საარჩევნო კამპანიას ოფიციალურად დაასრულებს.
"მე მგონია, რომ დღევანდელი აქცია კიდევ ერთხელ ცხადყოფს და ყველას დაანახებს, მათ შორის ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, მათ შორის ჩვენს საერთაშორისო მეგობრებს და ამ თუ იმ ქვეყნებს და რაც მთავარია თითოეულ ჩვენგანს, რომ სიძულვილს არ აქვს გაქანება," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი, ირაკლი ზარქუა.
პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების" წევრი, გიორგი ამილახვარი ამბობს, რომ დღეს აქცია არავის წინააღმდეგ არ იმართება, მისი მიზანი მხოლოდ ხანგრძლივი და დატვირთული საარჩევნო კამპანიის დასასრულია.
"სპეკულაციები, რომელსაც ოპოზიცია ეწევა, თითქოს ჩვენ რაიმე აქციას ვმართავთ, არანაირი საფუძველი არ აქვს, იმიტომ, რომ ჩვენ არავის წინააღმდეგ არ გვაქვს აქცია გასამართი. ეს არის ჩვენი ძალიან ხანგრძლივი, დატვირთული, შინაარსობრივი, საარჩევნო კამპანიის დასასრული და კიდევ ერთხელ დაინახავს ყველა, თუ რა მხარდაჭერა აქვს ქართულ ოცნებას,“ - აცხადებს გიორგი ამილახვარი.