მსჯავრდებულ ექსპრეზიდენტს ამ წუთებში უკრაინის სახალხო დამცველი ხვდება. ლუდმილა დენისოვას თქმით, დაინტერესებულია როგორია ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ირღვევა თუ არა მისი, როგორც უკრაინის მოქალაქის უფლებები.
ომბუდსმენმა უკრაინელი ადვოკატის საქართველოში არ შემოშვებაზეც გააკეთა განცხადება. როგორც უკრაინის სახალხო დამცველი ამბობს, სურს გაარკვიოს რა უნდა პირადად მიხეილ სააკაშვილს და ამის მიხედვით გადაიდგას შემდგომ ადეკვატური ნაბიჯები.
"დღეს ჩვენ მოგვეცა საშუალება მოვინახულოთ უკრაინის მოქალაქე, მიხეილ სააკაშვილი. მე პირადად მინდა გავეცნო მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, იმიტომ, რომ დღეს არის მისი შიმშილობის 27-ე დღე. მინდა გავიგო ისიც, შეძლებს თუ არა საჭირო დახმარების მიღებას ციხის საავადმყოფოში. თუ ეს საავადმყოფო არ აკმაყოფილებს იმ ნორმებს, რომელიც ექსპრეზიდენტისთვისაა საჭირო, მე მზად ვარ შევხვდე მის პირად ექიმს. მთავარი ჩემი ამ ვიზიტის მიზანი არის ის, გავარკვიო, რამდენადაა მისი უფლებები აქ დაცული. გუშინ იყო ჩამოსული ერთი ადვოკატი, რომელიც დასაბუთების გარეშე გააბრუნეს უკან. ის მიზეზი, რომელიც მას უთხრეს, იყო ბორტზე ნათქვამი. უკრაინაში დაბრუნებისას, ჩვენ გავარკვევთ, რამდენად სწორად მოხდა ადვოკატის არ შემოშვება საქართველოში. მე აქ ჩამოვედი იმისთვის, რომ გავარკვიო, მიხეილს რა უნდა, რომ შემდგომ ადეკვატური ნაბიჯები გადავდგათ,“ - ამბობს ლუდმილა დენისოვა.