საქართველოს გენერალური პროკურატურა ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების დაკავებასთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას ავრცელებს.
"გვსურს გამოვეხმაუროთ ევროჯასტის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას, რამდენიმე ქვეყნაში, მათ შორის საქართველოში ჩატარებული სპეციალური ოპერაციის თაობაზე და საზოგადობას მივაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს პროკურატურამ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პოლიციის სხვადასხვა დანაყოფებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლობით ჩაატარა ფართომასშტაბიანი საგამოძიებო მოქმედებები, რომლის შედეგადაც განხორციელდა ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების დაკავება.
ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ერთობლივად იგეგმებოდა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში საქართველოს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისა და ისრაელის სახელმწიფოს სამართალდამცავი უწყებების აქტიური ჩართულობით და სისხლის სამართლის სფეროში თანამშრომლობის ევროკავშირის იუსტიციის ერთიანი ქსელის - ევროჯასტის მხარდაჭერით. 19 ოქტომბერს, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრთა დაკავების ღონისძიება და მასთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედებები, მხარეთა შეთანხმებით ერთდროულად დაიწყო საქართველოსა და ისრაელში, რის შედეგადაც ორივე სახელმწიფოს ტერიტორიაზე დაკავებული იქნა დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრი.
აღსანიშნავია, რომ ერთობლივად დაგეგმილი ღონისძიებების შედეგად, ისრაელში დაკავებული იქნა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის რამდენიმე ხელმძღვანელი პირი.
დაგეგმილი ღონისძიება ჩატარდა გერმანიის ბამბერგის გენერალური სახელმწიფო პროკურატურის და კობერდანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის ბავარიის ცენტრალური ოფისის ბავარიის სახელმწიფო პოლიციის მხარდაჭერით. საქართველოში ღონისძიებას უძღვებოდა საქართველოს პროკურატურა, ევროჯასტში საქართველოს მეკავშირე პროკურორთან კოორდინაციით. ისრაელში მხარდაჭერას ახორციელებდნენ იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო პროკურატურის საერთაშორისო საქმეთა დეპარტამენტი, თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო და ისრაელის პოლიციის საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების სამმართველო.
ოპერაციის ჩატარებაში, 100-ზე მეტი სამართალდამცავი ჩაერთო, მათ შორის 20 გერმანელი ოფიცერი და პროკურორი. ევროჯასტი დაეხმარა საგამოძიებო უწყებებს გერმანიაში, საქართველოსა და ისრაელში სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ შუამდგომლობების შესრულებასა და კოორდინირებულ საერთაშორისო სამართლებრივ მხარდაჭერაში.
ჩატარებული ღონისძიება მაღალ დონეზეა შეფასებული ევროჯასტის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში, სადაც აღინიშნა, რომ ევროჯასტის მხარდაჭერით, ჯერ კიდევ 2015 წელს დაწყებული გამოძიების ფარგლებში, უწყებებმა გერმანიაში, საქართველოსა და ისრაელში დაშალეს დანაშაულებრივი ქსელი, რომელიც ახდენდა სხვადასხვა ონლაინ სავაჭრო პლატფორმის ოპერირებას და თაღლითურად ეუფლებოდა დაზარალებულთა კუთვნილ, ათობით მილიონ ევროს.
საქმეზე გრძელდება ინტენსიური გამოძიება და საერთაშორისო თანამშრომლობა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით.
საქართველოს გენერალური პროკურატურის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას სწორედ ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს, რომელიც ფართოდ არის გავრცელებული ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ტერიტორიაზე, დანაშაულებრივი სქემისა და მონაწილე პირების გამოვლენაში ჩართულია არაერთი ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელი, რომლებთანაც საქართველოს გენერალური პროკურატურა აქტიურ რეჟიმში თანამშრომლობს.
საქართველოს პროკურატურა კიდევ ერთხელ მადლობას უხდის ევროჯასტს, გერმანიის და ისრაელის საგამოძიებო სტრუქტურებს ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღდეგ ბრძოლაში ეფექტიანი თანამშრომლობისთვის,"-აცხადებენ პროკურატურაში.