ინფიცირებულთა ყოველდღიური მაღალი სტატისტიკა ექიმებისთვის უკვე საგანგაშოა. ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორი ზაფხულის სცენარს აანონსებს. "კურიერთან" ინტერვიუში ამბობს, რომ დადგება დრო, როცა ყველა კლინიკა კოვიდ განყოფილებად გადაკეთდება და სიტუაცია ისევ მძიმე იქნება.
ქვეყანაში დაახლოებით 55%-ზე მეტია, ვისაც არც ვირუსი აქვს გადატანილი და არც აცრა გაკეთებული. ორჯერადად ვაქცინირებული მოზრდილი მოსახლეობის მხოლოდ 33%-ია. ასეთ მოცემულობაში COVID-19-ის გავრცელებას ეს ტემპი ვერ შეაჩერებს.
"დელტა" შტამი იმდენად მძიმედ მიმდინარეობს, ინფიცირებულთა 20%-ს ჰოსპიტალიზაცია ესაჭიროება. ვირუსი პაციენტების 2%-სთვის მომაკვდინებელია. ეპიდემიოლოგები ამბობენ, რომ ქვეყანა გადარჩება თუ მეტი ადამიანი აიცრება.
ეპიდემიის გავრცელების რისკები ყველა იმ სოფელსა თუ ქალაქშია, სადაც დაბალია აცრების ტემპი. ამ რისკებიდან გამომდინარე ვირუსის გავრცელების ეპიცენტრი შესაძლოა ახლა უკვე ახალქალაქიც გახდეს. ვაქცინაციის ტემპის გააქტიურების მიზნით ამირან გამყრელიძე დღეს სამცხე-ჯავახეთში ეპიდემიოლოგებთან ერთად ჩავიდა. ნინოწმინდის, ახალქალაქისა და ასპინძის მუნიციპალიტეტებში დღეს მხოლოდ 5 ადამიანი აიცრა.