20 ნოემბერი 2024,   07:24
ვრცლად
აგრესიული ქცევები, თამაშზე დამოკიდებულება - უნდა უყურონ თუ არა ბავშვებმა "კალმარის თამაშს" 

Netflix-ის სამხრეთ კორეული მძაფრსიუჟეტიანი, სათავგადასავლო სერიალი - "კალმარის თამაში"  ეკრანიზაციიდან მალევე სტრიმინგ პლატფორმის მიერ გამოშვებული ყველა დროის ყველაზე პოპულარულ სერიალად იქცა.

ბოლო ერთი თვეა, რაც "კალმარის თამაში" მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია და მისი გულშემატკივრების რაოდენობა დღითიდღე იზრდება. სერიალი იმდენად პოპულარულია, რომ სამხრეთ კორეულმა ინტერნეტპროვაიდერმა Netflix​-სს მომხმარებელთა გაზრდილი რაოდენობისა და აქტიურობის გამო უჩივლა.

ფილმის სიუჟეტმა, მსოფლიოს მასშტაბით, ყველა ასაკობრივი ჯგუფის ყურადღება მიიპყრო, მათ შორის, მოზარდების. "კალმარის თამაშებს" განიხილავენ ყველგან - Instagram-ზე, Facebook-ზე, Tik tok-ზე.  სოციალურ ქსელებში აქტიურად გვხვდება სერიალში ნაჩვენები თამაშების ინტერპრეტაციები, რომელთაც ბავშვებიც ასრულებენ.

იმის გამო, რომ სერიალი მძაფრსიუჟეტიანია და ძალადობის ამსახველ კადრებს შეიცავს, "რუსთავი 2" დაინტერესდა, რამდენად რეკომენდირებულია არასრულწლოვნებმა "კალმარის თამაშებს" უყურონ.

"რუსთავი 2"-ის კითხვებს ფსიქოლოგმა ირმა როსტომაშვილმა უპასუხა. 

ფსიქოლოგი მიიჩნევს, რომ სერიალის პოპულარობა მისმა განსხვავებულმა და საინტერესო სიუჟეტმა გამოიწვია. მისი შეფასებით, სიუჟეტი მაყურებლისთვის ერთგვარ აზარტულ სანახაობად იქცა, თუმცა საგანგაშოა, რომ მას ბავშვებიც უყურებენ, რადგან მათთვის არ არის რეკომენდირებული აგრესიითა და ძალადობით სავსე სცენების ნახვა

"პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ ბოლო პერიოდში კორეული ფილმები და სერიალები, ზოგადად, ისედაც ძალიან პოპულარული გახდა. რაც შეეხება კონკრეტულად "კალმარის თამაშს," ყურადღება მიიპყრო თავისი განსხვავებული, საინტერესო (კარგზე და ცუდზე არაა აქ საუბარი) სიუჟეტით. სასოწარკვეთილი ადამიანები, რომლებიც ვერ ფარავენ ვალებს, ერთვებიან სასიკვდილო თამაშში ფულადი პრიზის მოგების მიზნით. 

მოთამაშეების მსგავსად, მაყურებელიც აზარტშია შესული და გამარჯვებულის გამოვლენის მოლოდინში ინტერესით უყურებს თითოეულ სერიას. ზრდასრული მაყურებლისთვის ბევრი სხვა კუთხითაც შეიძლება იყოს სიუჟეტი საინტერესო, თუნდაც დააფიქროს იმაზე, თუ როგორ ცვლის ადამიანს დიდძალი თანხის მოგების სურვილი, ზოგადად აზარტული თამაშები როგორ მოქმედებს ადამიანის ქცევაზე, მოგების შემდეგ როგორ იკარგება ინტერესი ამ გზით მოპოვებული ჯილდოს მიმართ და ა.შ. თუმცა ბავშვები ამ ყველაფერს ვერ აანალიზებენ, მათთვის ეს უბრალოდ სანახაობაა; სანახაობა, რომელიც სავსეა აგრესიით, ძალადობით, (მათ შორის სექსუალური ძალადობის ელემენტებით)" - აღნიშნავს ირმა როსტომაშვილი.

ფსიქოლოგი მიიჩნევს, რომ "კალმარის თამაშში" ნაჩვენები ძალადობის ხარისხი შემზარავია და შესაბამისად, 16 წლამდე მოზარდებისთვის მისი ნახვა მიზანშეწონილი არ არის.

"სერიალის ნახვა დაუშვებელია 16 წლამდე ბავშვებისთვის, თუნდაც მშობლებთან ერთად, სერიებმა შესაძლოა წაახალისოს მოზარდებში აგრესიული ქცევები, გაზარდოს თამაშებზე დამოკიდებული ახალგაზრდების რიცხვი, ნეგატიურად მოქმედებს, რა თქმა უნდა, ემპათიის უნარზეც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თუ გვსურს, რომ ჯანსაღი საზოგადოების ნაწილი ვიყოთ," - აღნიშნავს ფსიქოლოგი.

გარდა ამისა, ფსიქოლოგი აღნიშნავს, რომ სერიალზე სხვადასხვა სივრცეში ბევრს საუბრობენ, ეს მოზარდებში მეტ ინტერესს იწვევს, ამიტომაც მშობლებს ურჩევს, ბავშვებს სერიალის ნახვის უფლება არ მისცენ, თუმცა ეს გააკეთონ არა კატეგორიული ტონით, არამედ შვილებს აუხსნან, თუ რატომ არ არის სასურველი მათთვის ამ კონკრეტული სერიალის ნახვა.

"სერიალის ინტერესის გაზრდა, ასევე, გამოიწვია სერიალთან დაკავშირებულმა საუბრებმა აკრძალვებზე. ზოგადად, ადამიანის ბუნებიდან გამომდინარეც, რასაც გვიკრძალავენ, იმით ვინტერესდებით უფრო მეტად. შესაბამისად, აკრძალვა არ მიმაჩნია სწორ გადაწყვეტილებად, სახლში შეიძლება ავუკრძალოთ და მეგობართან ნახოს. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია დასაბუთებულად ავუხსნათ ბავშვებს, თუ რატომ არ არის სასურველი კონკრეტული სერიალის ნახვა. მნიშვნელოვანია, შევთავაზოთ ალტერნატივა, მშობელს შეუძლია შვილთან ერთად შეარჩიოს ასაკზე მორგებული ფილმი, სერიალი და ბავშვის სურვილის გათვალისწინებით, მასთან ერთად უყუროს კიდეც," - განმარტავს ირმა როსტომაშვილი.

ამასთან, ფსიქოლოგი ასევე ამბობს, რომ თანამედროვე სამყაროში რთულია მსგავსი სიუჟეტის ფილმებმა თუ სერიალებმა ბავშვებთან მისასვლელი გზა ვერ იპოვონ, რადგან ბევრი პლატფორმაა იმისთვის, სადაც მათ შეუძლიათ სერიალის ნაწყვეტები ნახონ და დაინტერესდნენ. შესაბამისად, ირმა როსტომაშვილმა განმარტა, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ძალადობრივი ვიდეოები ბავშვებისთვის ნაკლებად ხელმისაწვდომი იყოს. 

"თანამედროვე სამყაროში, სადაც კომპიუტერის საშუალებით პატარა ბავშვებსაც კი თავისუფალი წვდომა აქვთ სხვადასხვა სახიფათო საიტზე, ადვილი არაა მშობელმა სისტემატურად გააკონტროლოს შვილი, მაგრამ არსებობს გზები, მშობლებს შეუძლიათ პროგრამისტებისგან მიიღონ ინფორმაცია გარკვეული საიტების დაბლოკვის შესახებ, ასევე ისწავლონ, როგორ შეამოწმონ, თუ რომელ საიტებს ესტუმრა მათი შვილი და რას უყურა იქ. ეს აუცილებელიცაა დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებთან, მოზარდებთან შესაძლოა ამან ნაკლებად იმუშაოს.

ამიტომ მნიშვნელოვანია შვილებთან საუბარი, მათი მოსმენა, რაიმეს აკრძალვის შემთხვევაში, არგუმენტირებული ახსნა. მნიშვნელოვანია მშობელი დიდ დროს უთმობდეს შვილებთან ურთიერთობას, ატარებდეს მათთან ერთად დროს ბუნებაში, ჩართოს სპორტულ აქტივობებში და ა.შ. როდესაც მშობელი თვითონაც დიდი სიხშირით მოიხმარს ტელეფონს ან დაკავებულია თამაშებით, ვერც მის აკრძალვას ექნება სასურველი შედეგი," - აღნიშნავს ფსიქოლოგი.

ცნობისთვის, სერიალი იმ ადამიანებზე მოგვითხრობს, რომლებიც უფულობის გამო სასიკვდილო თამაშში ერთვებიან. სერიალში საბავშვო თამაშები სისხლიან შეჯიბრებადაა ქცეული, თუმცა საპრიზო თანხა მონაწილეებს თამაშის დატოვების ცდუნებას აძლევინებს.

დღის ამბები