20 ნოემბერი 2024,   07:37
ვრცლად
საქართველოს განათლების მინისტრის ვიზიტი ამერიკაში - მიხეილ ჩხენკელი განათლების მიმართულებით საქართველოსა და შტატებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე მუშაობს

ამერიკაში, საქართველოს განათლების მინისტრის ვიზიტი გრძელდება. მიხეილ ჩხენკელი ბოსტონის უნივერსიტეტსი შეხვედრებზე, მკვლევარებს უხსნიდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იქნება შეერთებულ შტატებში სამეცნიერო წრეების დაახლოება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან, რომელსაც აქვს ამბიცია, მის ადრონული თერაპიის ცენტრთან ერთად, რეგიონული ჰაბი გახდეს.

ქართულ მხარეს სურს აკადემიურ და კვლევით პროცესში ამერიკელი მკვლევარებიც იყვნენ ჩართულები. შეხვედრებს საქართველოს დელეგაცია ბოსტონის მოლეკულური მედიცინის ინსტიტუტში და ჰარვარდის სამედიცინო სკოლასთან აფილირებულ ჯოსლინის დიაბეტის ცენტრში მართავდა.

საქართველოს დელეგაციამ ამერიკელ მეცნიერებს უთხრა, რომ ადრონული თერაპიის ცენტრში 2 ციკლოტრონი განთავსდება. ერთი მიმართული იქნება კიბოს მკურნალობაზე. მეორე კი სამეცნიერო კვლევებისთვის იქნება გამოყენებული. პროექტს "ქართუ ფონდის" დაფინანსება აქვს.

ბოსტონი და მისი შემოგარენი, კონკრეტულად ქემბრიჯი, სამედიცინო მეცნიერების და ბიოტექნოლოგიების ცენტრია. COVID-19-ის ვაქცინის მწარმოებელი "მოდერნა" ერთ-ერთია, რომლის სათაო ოფისიც კემბრიჯის ტექნოლოგიების მოედანზეა განთავსებული. ქართული მხარე სწორედ ამიტომ ცდილობს ამ ქალაქის სამეცნიერო წრეებისთვის საინტერესო პროექტების გაცნობას. ამერიკელი სპეციალისტები საპასუხო ვიზიტისთვის მზადყოფნას ადასტურებენ.

განათლების მინისტრი დღეს შეხვედრებს ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში გააგრძელებს, სადაც თებერვლიდან ქართველოლოგიის პროგრამა იწყება. მიხეილ ჩხენკელმა თქვა, რომ ცენტრის ხელმძღვანელობასთან, ქართველოლოგიის პროგრამის დეტალებს განიხილავს.

დღის ამბები