20 ნოემბერი 2024,   07:38
ვრცლად
"უსისხლოდ შედეგი დამდგარა?!", "შტურმის გარეშე გამოსავალი არ არის" - სუს-ის მიერ გამოქვეყნებული მასალა და შეთქმულების საქმეზე დაწყებული გამოძიება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოქვეყნებულია აუდიო მასალა, სადაც მიხეილ სააკაშვილის გლდანში ეტაპირების შემთხვევაში ქაოსი, გზების ჩახერგვა და არეულობა იგეგმებოდა. "უსისხლოდ შედეგი დამდგარა?" - ეს ფრაზა ორსაათიანი მასალიდანაა, რომელიც სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაშია ჩაწერილი.

ისმის სხვა ფრაზებიც. მაგალითად: "შტურმის გარეშე გამოსავალი არ არის." ფიგურანტები "ნაციონალური მოძრაობის" წევრები არიან.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საუბარი სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაშია ჩაწერილი და ბესიკ წერედიანის გარდა, მასში "ნაციონალური მოძრაობის" წევრებიც ფიგურირებენ. უწყების ცნობით, საქმის ფიგურანტები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, მისი გლდანის მერვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ეტაპირებისათვის ხელის შეშლას აპირებდნენ, კერძოდ, გზების ბლოკირებას.

ბრალდების მთავარი ადრესატი, ბესიკ წერედიანი "კურიერთან" საუბარში მსგავს კომუნიკაციას აქტივისტებთან ადასტურებს, თუმცა, ამბობს, რომ ჩანაწერი რამდენიმე საუბარს აერთიანებს და კონტექსტი განსხვავებულია. ბესიკ წერედიანი მზადაა გამოძიების კითხვებს მაგისტრი მოსამართლის წინაშე უპასუხოს.

განმარტებები გაკეთდა სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაშიც, იქ, სადაც გამოძიების ინფორმაციით აღნიშნული ჩანაწერია გაკეთებული. ლანა ღვინჯილია ადასტურებს, რომ ბოლო პერიოდში აქტივისტები ბიბლიოთეკაში ხშირად იკრიბებოდნენ, თუმცა, რაზე მსჯელობდნენ მისთვის უცნობია.

სუს-ში ჩატარებულ სპეციალურ ბრიფინგს მიხეილ სააკაშვილის ინტერესების დამცველები ციხესთან გამოეხმაურნენ. ადვოკატები ამბობენ, რომ საგამოძიებო უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ჩანაწერი ფაბრიკაციაა.

უწყებაში თქვეს, რომ საქმის ფიგურანტები მსგავსი ქმედებებით ქვეყანაში უკონტროლო სიტუაციის გამოწვევას გეგმავდნენ, მათივე განმარტებით, გამოძიების მიმდინარეობისას ყველა მათგანი გამოკითხვაზე მოწმის სახითაც დაიბარეს.

სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მიზნით, შეთქმულების საქმეზე გამოძიება 315-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 5-იდან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დღის ამბები