საპატრიარქო ჭყონდიდის ეპარქიაში განკვეთილი ბერებისგან სამონასტრო კომპლექსის დატოვებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში აცხადებს, რომ მათ ტერიტორიას კანონის თანახმად დაატოვებინებენ.
მიტროპოლიტ სტეფანეს მიერ განკვეთილი ბერები აცხადებენ, რომ ისინი მონასტრის დატოვებას არ აპირებენ და თუ ვინმე მათი ძალით გაყვანას შეეცდება, ისინი მხოლოდ შიშველი ხელებით დახვდებიან:
"ვიღაც-ვიღაცები ბოტკოველები და ჯაღმაიძეები წყვეტენ ამ საქმეს, სადაა პატრიარქი, სადაა პატრიარქის მოსაყდრე? სადაა სხვა ეპისკოპოსები? სტეფანემ, თავისი აზრით, განგვკვეთა. ჩვენ ღვთის წინაშე ვართ ბერები და ვერაფერს ვერ გვიზამს. აგერ, ველოდებით შიშველი ხელებით და ღვთის ნებით," - ამბობს ბერი ბასილი
კიდევ ერთი განკვეთილი სასულიერო პირი ამბობს, რომ მათ წინააღმდეგ მოქმედებები ფარდას ხდის საპატრიარქოს:
"არსად წასვლას არ ვაპირებთ, რა ძალითაც დაგვიპირისპირდებიან, ჩვენ ქრისტიანულად მოვიქცევით. საერთოდ ზოგადად ქრისტიანობაა, რაც მეტი შეზღუდული იქნები, რაც მეტი დევნილი იქნები, ეს ჩვენთვის მეტი ბედნიერებაა. რაც მეტ ფარდას ჩამოვხდით დღევანდელ საპატრიარქოს ეს არის მეტი სიხარული ჩვენთვის და ადამიანებისთვის, რომ გაიგონ რა საპატრიარქო გვყავს დღეს," - აცხადებს სალხინოსა და წაჩხურუს მონასტრის ყოფილი წინამძღვარი ბერი დანიელი.
ჭყონდიდის ეპარქიაში, სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება 2019 წლიდან დაიწყო. ეპარქიის ყოფილი წინამძღვარი პეტრე ცაავა საპატრიარქომ მღვდელმთავრობიდან გაათავისუფლა. ყოფილი ჭყონდიდელი მიტროპოლიტის მხარდამჭერები ეპარქიის ახალ მმართველს მღვდელმთავარ სტეფანე კალაიჯიშვილს არ ემორჩილებიან და ითხოვენ, რომ საერთო კრებაზე იქნას განხილული პატრიარქის მისამართით პეტრე ცაავას მიერ გამოთქმული ბრალდებების სინამდვილე.
ჭყონდიდის ახალმა მიტროპოლიტმა სასულიერო პირი მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ მოწყობილ ამბოხსა და სამონაზვნო აღთქმის დარღვევაში დაადანაშაულა და მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში ეკლესიიდან განკვეთა.