20 ნოემბერი 2024,   09:39
ვრცლად
ტრანსგენდერი ქალის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ კალათბურთელს ბრალი დაუმძიმდა

ტრანსგენდერი ქალის მკვლელობის საქმეზე დაკავებულს ბრალი წარუდგინეს. "კურიერის" ინფორმაციით, ბრალი გადაკვალიფიცირდა, დამძიმდა და ნაცვლად 108-ე მუხლისა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს, 23 წლის მამაკაცს ბრალი 109-ე მუხლით წარედგინა, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დაკავებული კალათბურთელის ოჯახი საზოგადოებრივ ადვოკატზე უარს ამბობს. 23 წლის ვაჩე ცაკაშვილის ინტერესებს, ინგა სეხნიაშვილი დაიცავს. დაკავებულის ოჯახი კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს, დეტალებზე ჯერჯერობით არ საუბრობს არც ადვოკატი და აცხადებს, რომ საქმის მასალებს არ იცნობს.

დაკავებული პირის ვინაობა და საქმიანობის სფერო "კურიერმა" გაარკვია, 23 წლის ვაჩე ცაკაშვილი ტექნიკური უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდში თამაშობდა. თანაგუნდელები და მწვრთნელი მას არაკონფლიქტურ ადამიანად ახასიათებენ და ამბობენ, რომ მათთვის გავრცელებული ინფორმაცია მოულოდნელი იყო.

ვაჩე ცაკაშვილს ბრალი ოფიციალურად უკვე წარედგინა, მისი აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო უახლოეს 48 საათის განმავლობაში იმსჯელებს.

მკვლელობა 31 ოქტომბერს, ღამით მოხდა. გამოძიების ინფორმაციით ბრალდებულმა ცივი იარაღით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა, თბილისში, ახვლედიანის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ მასაჟის სალონში დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქე - ტრანსგენდერ ქალს, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა. ბრალდებულმა იმავე სალონში მყოფ კიდევ ერთ ტრანსგენდერ ქალს სხეულზე დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ბრალდებული პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.

დღის ამბები