საქალაქო სასამართლო მეგის ქარდავას საქმეზე მსჯელობს. საუბარია, ელდარ ქობალიას, მერაბ ყოლბაიას და კობა მატკავას წამების ეპიზოდზე, სასამართლო სხდომა პროტესტის ნიშნად რამდენიმე წუთის წინ დატოვა ბრალდებულმა მეგის ქარდავამ, ის პოლიტიკურ მოტივზე საუბრობს.
პროკურატურა კი ამტკიცებს, რომ 2011 წლის 11 აპრილს ქარდავამ მაშინდელი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გაგა მკურნალიძესთან ერთად, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულებაში, ტერორისტულ აქტებში მონაწილეობის აღიარებისა და სხვა პირთა თანამონაწილედ დასახელების მოთხოვნით ელდარ ქობალია, კობა მატკავა და მერაბ ყოლბაია აწამა. კერძოდ, რამოდენიმე საათის განმავლობაში სცემდა მათ ხელკეტებისა და ელექტროშოკის გამოყენებით.
"დღეს ვაყენებთ შუამდგომლობას აღკვეთის ღონისძიების გაუქმებასთან დაკავშირებით. როგორც ამ პროცესზე, ისევე ყველა იმ საქმეზე, მიიჩნევს რომ ის არის პოლიტიკური პატიმარი. ამას ადასტურებს სისხლის სამართლის საქმეები, ვინაიდან, სწორედ ამაზე მეტყველებს ის მოწმეები და იძულებით მიცემული ჩვენებები,“ - ამბობს მეგის ქარდავას ადვოკატი, მალხაზ ველიჯანაშვილი.