დატოვებენ თუ არა განკვეთილი ბერები სალხინოს მამათა მონასტრის ტერიტორიას. ვადა დღეს იწურება. იმ შემთხვევაში, თუ ბერები მონასტრიდან საკუთარი ნებით არ წავლენ, მათ იქიდან პოლიციის ძალით გაიყვანენ.
როგორც განკვეთილი ბერები "კურიერთან" აცხადებენ, ისინი საპატრიარქოს მდივნის მოთხოვნის საფუძველზე მონასტრის დატოვებას არ აპირებენ და ითხოვენ, რომ მათი საკითხი სინოდმა განიხილოს. ყოფილი იღუმენი, ბერი დანიელი ამბობს, რომ ის ეპარქიის ახალ მმართველებს არ ენდობა და არ აპირებს ქონება მათ გადააბაროს:
"იმ ადამიანს ამდენა ქონებას ვერანაირად ვერ გადავაბარებ, წასასვლელიც რომ მქონდეს და წასასვლელიც არ მაქვს. ჩვენი შექმნილია, ჩვენი ნაოფლარია, ჩვენი ნაწვალებია. თუ სინოდი იკადრებს იმას, რომ ჩვენ უკანონოდ აქედან გაგვიშვან, მერე ავდგებით და წავალთ," - აცხადებს ყოფილი იღუმენი ბერი დანიელი (ტარიელ გვილავა).
ყოფილი არქიმანდრიტი, ბერი ათინოგენი ამბობს, რომ არავის აქვს უფლება მასსა და ღმერთს შორის დადებულ აღთქმაში ჩაერიოს:
"ვინც მაგი შემოგვითვალა, ბოლო დრო ვინც მოგვცა, მაგენისთვის იყოს ბოლო დრო. დანარჩენი, რაც შეეხება ჩვენს სიცოცხლეს მონასტრული ცხოვრების განცდაში, აგერ ვართ, ჩვენ არსად წასასვლელი არ გვაქვს. რაც შეეხება მონასტრიდან გაუსვლელობას, ჩემსა და ღმერთს შორის დადებულ აღთქმაში ვინც ჩაერევა მითხარი ვინაა, რომელი ეკლესიის და ქრისტიანობის წარმომადგენელია," - აცხადებს ყოფილი არქიმანდრიტი, ბერი ათინოგენი (მიხეილ მდივანი).
ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება 2019 წლიდან დაიწყო. ეპარქიის ყოფილი წინამძღვარი პეტრე ცაავა საპატრიარქომ მღვდელმთავრობიდან გაათავისუფლა.
ყოფილი ჭყონდიდელი მიტროპოლიტის მხარდამჭერები ეპარქიის ახალ მმართველს, მღვდელმთავარ სტეფანე კალაიჯიშვილს არ ემორჩილებიან და ითხოვენ, რომ საერთო კრებაზე იქნას განხილული პატრიარქის მისამართით პეტრე ცაავას მიერ გამოთქმული ბრალდებების სინამდვილე.
ჭყონდიდის ახალმა მიტროპოლიტმა სასულიერო პირი მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ მოწყობილ ამბოხსა და სამონაზვნო აღთქმის დარღვევაში დაადანაშაულა და მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში ეკლესიიდან განკვეთა.
საპატრიარქომ ჭყონდიდის ეპარქიაში წერილი გაგზავნა, რომელშიც მეუფე სტეფანეს მიერ განკვეთილი ბერებისგან საპატრიარქოს სამონასტრო კომპლექსის დატოვებას მოითხოვს. ვადა 4 ნოემბრამდეა. თბილისიდან გაგზავნილი წერილი 29 ოქტომბრით თარიღდება, ხელს პატრიარქის მდივანი დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი აწერს.