ბათუმის საკრებულოს ახლადარჩეული ოპოზიციონერი დეპუტატები მმართველი გუნდის მხრიდან გადაბირებაზე საუბრობენ. მათი მტკიცებით, ხელისუფლება ადგილობრივ თვითმმართველობაში უმრავლესობის მოსაპოვებლად შანტაჟისა და მუქარის გზით ცდილობენ მათ გადაბირებას.
საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები ამაში აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მამას, დავით რიჟვაძეს ადანაშაულებენ. განცხადება დღეს "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში გიორგი კირთაძემ გააკეთა. მისი თქმით, ფაქტის განმეორების შემთხვევაში დოკუმენტურ მასალას გამოაქვეყნებს.
კირთაძე მოუწოდებს "ლელოსა" და გახარიას პარტიის წარმომადგენლებს, დროულად დაიწყონ მოლაპარაკებები და სწრაფად ჩამოყალიბდეს მყარი უმრავლესობა ბათუმის საკრებულოში.
ბრალდებებს "ქართულ ოცნებაში" გამოეხმაურნენ. უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ირაკლი ჭეიშვილი აცხადებს, რომ აღნიშნული განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება და მმართველ გუნდ საკრებულოს უმრავლესობის მოსაპოვებლად "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატების გადაბირება არ სჭირდება. ისინი ითანამშრომლებენ სხვა პოლიტიკურ და დამოუკიდებელ ძალასთან გარდა "ნაციონალური მოძრაობისა".