თბილისის საქალაქო სასამართლომ 23 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
პროკურორ ლევან ვეფხვაძის თქმით, ორივე ბრალდებულის მიმართ არსებობს მყარი მტკიცებულება იმისა, რომ მათ წინასწარ, ჯგუფურად ჩაიდინეს განზრახ მკვლელობა.
"ორივე ბრალდებულის მიმართ არსებობს მყარი მტკიცებულება იმისა, რომ მათ წინასწარ, ჯგუფურად ჩაიდინეს განზრახ მკვლელობა. ეს დადგენილია და ასევე, მათ შეიძინეს ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღი მათ საწინააღმდეგოდ და საბრძოლო მასალა, რომელსაც ინახავდნენ და ატარებდნენ.ამ ყველაფრის მიზანი იყო ის, რომ მოეკლათ ნიკოლოზ კვარაცხელია,"- განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.
დღევანდელ სხდომაზე, ბრალდების მხარე გიორგი კავილაძისა და ალეკო ჭელიძის პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა.
დაცვის მხარისთვის სასამართლოს გადაწყვეტილება მიუღებელია, ბრალდების მხარის პოზიცია კი აზრსმოკლებული და დაუსაბუთებელი. ორივე ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს და ბრალს არ აღიარებს.
გიორგი კავილაძის ადვოკატის, გიორგი ტურაზაშვილის თქმით, 20 სექტემბრის განჩინება უნდა დარჩეს ძალაში.
"20 სექტემბრის განჩინება დარჩეს ძალაში, რადგან არ აღმოფხვრილა ის საქმეები და როდესაც ვიკითხე სასამართლოში, გთხოვთ, მაჩვენოთ, წარმოადგინოთ მოცემული საფრთხები - მხოლოდ სიტყვებზეა საუბარი იმაზე, რომ უბრალოდ არსებობს ეს საფრთხე. ამისთვის ჩვენ ადამიანი უნდა დავტოვოთ პატიმრობაში,"- ამბობს გიორგი კავილაძის ადვოკატი გიორგი ტურაზაშვილი.