ყოფილი პრეზიდენტის პატიმრობის 41-ე დღეა, გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში დილიდან სააკაშვილის ადვოკატები მიდიან. დღეს მთავარი კითხვებია, შეძლებს თუ არა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელი მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვას და დაესწრება თუ არა ის სასამართლო პროცესს საქალაქო სასამართლოში.
ადვოკატები აცხადებდნენ, რომ იმ შემთხვევაში თუ მიღებული იქნებოდა გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში გადაყვანასათან დაკავშირებით, ისინი ექსპრეზიდენტს სამკურნალო დაწესებულებაში აღარ მოინახულებდნენ და ამით საბადრაგო სამსახურს არ დააბრკოლებდნენ. თუმცა, გარკვეული პერიოდის შემდეგ ადვოკატები შეხვედრაზე შევიდნენ, რაც ნიშნავს იმას, რომ მიხეილ სააკაშვილს დღეს სასამართლოში არ გადაიყვანენ.
"სასამართლოს გამოთხოვილი ჰყავს მიხეილ სააკაშვილი, შესაბამისად, არანაირი წინაპირობა არ არსებობს, რომ ის სასამართლო პროცესს არ დაესწროს. აქ მოვედით იმისთვის, რომ გავარკვიოთ, აპირებენ თუ არა მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას სასამართლოში და თუ არ აპირებენ, ასეთ შემთხვევაში შევხვდებით. ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენი შეხვედრის გამო არ დავაბრკოლებთ საბადრაგო სამსახურს, თუ გადაყავთ, აქ არ შევხვდებით და სასამართლოზე ვნახავთ. თუმცა, არ გვაქვს ილუზია იმის, რომ ხელისუფლება უზრუნველყოფს მიხეილ სააკაშვილი გამოჩნდეს საზოგადოების წინაშე," - აცხადებდა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაია.