"ექიმები მიშას სიცოცხლის გადასარჩენად" - ამ ლოზუნგით ამერიკის საელჩოსთან სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების აქცია გაიმართა.
აქციის მონაწილე ექიმებმა, კელი დეგნანს წერილით მიმართეს და სთხოვეს, რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს მოლაპარაკებები ხელისუფლებასთან და მოხდეს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა სამოქალაქო კლინიკაში.
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, გასტროენტეროლოგთა და ჰეპატოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტ მანანა ჯებაშვილის განცხადებით, ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს საქართველოს მესამე პრეზიდენტზე ფსიქოლოგიური და ფსიქიკური ძალადობა.
"მივმართავთ ამერიკის საელჩოს, რომ ჩაერიოს და მოუწოდოს საქართველოს ხელისუფლებას, რათა შეწყვიტოს ხელისუფლებამ, საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილზე ფსიქოლოგიური და ფსიქიკური ძალადობა. რაც მთავარია გადაყვანილ იქნას ექიმთა კონსილიუმის მიერ რეკომენდებულ კლინიკაში,"- აცხადებს მანანა ჯებაშვილი.