სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს COVID - 19 დაუდასტურდა და შემდგომი დაკვირვების მიზნით სამოქალაქო სექტორის კლინიკაში მოთავსდა.
"საზოგადოების და მედიის მაღალი ინტერესის გათვალისწინებით გავმარტავთ, რომ მსჯავრდებული გ.მ. მე-18 (სამკურნალო) დაწესებულებიდან კლინიკა "ვივამედშია“ გადაყვანილი. მას მიმდინარე წლის 13 ნოემბერს covid-19-ის დამახასიათებელი სიმპტომები გამოუვლინდა (რესპირატორული სიმპტომები, ტემპერატურის უმნიშვნელო მატება). მსჯავრდებულს, ჩივილებიდან გამომდინარე, ჩაუტარდა PCR ტესტირება და მას კოვიდ-19 დაუდასტურდა.
მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა შემდგომი დაკვირვების მიზნით, კლინიკა "ვივამედში" მოთავსდა და მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება," - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.